ეს ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის რწმუნებულმა გაგა ცხომელიძემ ” გურია ნიუსთან” დაადასტურა.
როგორც წყარო ამბობს, გაგა ცხომელიძეს კოტე შარაშენიძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა, თუმცა, მელექედურის რწმუნებულს უარი განუცხადებია. _ კარგი ბიჭი ხარ, გაკვირდებოდი ამდენი ხნის განმავლობაში, მაგრამ შენს მიერ გაკეთებული საქმე ვერ დავინახეო, _ უთქვამს შარაშენიძეს, ხოლო ცხომელიძეს უთქვამს, წასვლას არსად აპირებს და არც განცხადებას დაწერს.
ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის რწმუნებულს გაგა ცხომელიძეს, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ გამგეობიდან დამირეკეს, გამგებელს შენთან შეხვედრა უნდაო. მივედი, შევხვდი ბატონ კოტეს, რომელმაც ჯერ სოფლის პროექტებზე მელაპარაკა და მერე მითხრა, სხვაგან რომ დაგასაქმო, არ გინდა. მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამსახურში გადადიო. მე ვუთხარი, არ მინდა, მე ვმუშაობ სოფელში, კიდევ ვიმუშავებ და არსად წასვლას არ ვაპირებ,-მეთქი. კარგიო, მითხრა. მე შენთვის გეუბნებოდი, კარგ ადგილს გთავაზობდიო. არ მინდა,-მეთქი, გავუმეორე და წამოვედი. ჯერჯერობით, ვარ სამსახურში, ვაგრძელებ მუშაობას, განცხადების დაწერას არ ვაპირებ. თუ რამე სიახლე იქნება, აუცილებლად დაგიკავშირდებით და არაფერს არ დაგიმალავთ, _ გვითხრა გაგა ცხომელიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო სალუქვაძემ აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა:
_ ინფორმაციას მელექედურის რწმუნებულის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, არ ვადასტურებთ _ რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს გაგა ცხომელიძისთვის არ მოუთხოვია რწმუნებულის თანამდებობის დატოვება, _ გვითხრა სალუქვაძემ.