რადგან, როგორც მოძრაობის სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონალურმა კოორდინატორმა, ინგა ქარდავამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ ხაბურძანია წლების განმავლობაში იყო შპს “ლაზიკას” გენერალური დირექტორი, რასაც კრძალავს თვითმმართველობის შესახებ კანონი. სწორედ ამ განცხადებას მოყვა მოსახლეობის პროტესტი და ისინი გამგეობის შენობასთან შეიკრიბნენ. გარდა ამისა, წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობა გამგებლისგან მოითხოვდა, დაუყოვნებლივ გაეკეთებინა ტექნიკის მობილიზაცია და გაეწმინდა ღელეები, რადგან ამინდის გაუარესების დროს დატბორვის საშიშროება ისევ რეალური იქნება.
როგორც კი გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხის ჯგუფი გამოჩნდა, გამგებელმა შენობა დატოვა.
დიდი მცდელობის შემდეგ, მებონიამ და რამდენიმე ჟურნალისტმა გამგეობაში შესვლა მოახერხეს, მაგრამ დაცვამ კარები დაკეტა და მოძრაობის პრესცენტრის ჟურნალისტი და ოპერატორი შენობაში არ შეუშვა, თუმცა, მცირე ინციდენტისა და ხმაურის შემდეგ, დაცვამ მოძრაობის პრესცენტრის წარმომადგენლები შენობაში შეიყვანა.
გამგეობის შენობაში შესულები გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს და ადგილობრივ იურისტებს ესაუბრნენ, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და ჟურნალისტებს არ მიეცათ შესვლის საშუალება.
გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავი ჯგუფები იყვნენ მობილიზებულნი.
ამ წუთებში აქციის მონაწილეებმა დატოვეს გამგეობის შენობა და მოძრაობა “საქართველოს არწივის” სენაკის ოფისში გადაინაცვლეს.