_ 40 წლის წინ, ჩემმა მამამთილმა მეზობელს დაუთმო მიწის ფართი ხათრით, რომელსაც ჩვენი ეზოდან გადაჰყავდა არხი და უერთებდა მდინარეს. ჩვენ შეგვეძლო ამას არ დავთანხმებულიყავით მაშინ, მაგრამ ასე მოხდა. სამწუხაროდ, ეს არხი ჩაიშალა. ახლა ვითხოვ სანიაღვრე არხის და საკანალიზაციო ჭის აღდგენას. ეს რომ მხოლოდ სტიქიასთან იყოს დაკავშირებული, ამის შესახებ არ გეტყოდით _ სტიქიას ვერავინ აღუდგება წინ, მაგრამ ყველამ იცის, ნებისმიერი წვიმის დროს, რა დღეში ვარ. იქნებ, 30 წლის ოცნება ახლანდელმა “ოცნებამ” ამიხდინოს. აგვისტოს სტიქიის დროს გამგებელი მოვიდა ჩვენთან, თვითონაც კარგად ნახა, როგორ ვცურავდით წყალში და დაურეკა ვიღაცას, რომელსაც უთხრა, მეორე დღეს მოსულიყო ჩვენთან და პრობლემა მოეგვარებინა. მეორე დღეს არავინ მოსულა, მხოლოდ გამგებელი მოვიდა და იკითხა, თუ მოვიდა ვინმე დასახმარებლადო. კიდევ დაურეკა ჩემთვის უცნობ პიროვნებას და როგორც გავიგე, უპასუხეს, ამის საშუალება არ გვაქვსო. გამგებელმა უთხრა, შენ მოდი, გააკეთე ხარჯთაღრიცხვა, ბოლოს და ბოლოს, ვთხოვ მინისტრ დავით ნარმანიას და ამისთვის გამოვაყოფინებ დამატებით ხარჯს, ამ ეზოში ეს პრობლემა უნდა მოგვარდესო. არ ვიცი, ეს რას ნიშნავს _ გამგებელი ურეკავს და არ მაქვს საშუალებაო, პასუხობენ. თავისი ჯიბიდან მიკეთებს რამეს? სახელმწიფოს ვთხოვ დახმარებას, ყოველთვის ასე ხომ არ ვიქნებით? იმის საშუალება კიდევ არ მაქვს, რომ ჩემი ხარჯებით მოვაგვარო ეს პრობლემა, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ნაზი გოგელიამ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსის, ნინო სალუქვაძის თქმით, სტიქიის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კონსტანტინე შარაშენიძე თავად იმყოფებოდა გოგელიების ოჯახში და იგი იცნობს მათ პრობლემას.
_ გამგებელმა ოჯახის წევრებს მაშინ უთხრა, რომ აღნიშნული საკითხი დროულად რომ გადაწყვეტილიყო, უპრიანი იქნებოდა ოჯახის წევრის მისვლა გამგეობაში პრობლემის ოფიციალურად დაყენების მიზნით, რათა შესაბამისი სამსახურები მის მოგვარებაში დროულად ჩართულიყვნენ, თუმცა, კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობის პერიოდში მათ გამგეობისთვის ოფიციალურად ამ დრომდე არ მოუმართავთ, _ თქვა ნინო სალუქვაძემ.