შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხებზე უსაუბრეს. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ტომას ჰენდრიკ ილვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ესტონეთის აქტიური ძალისხმევისათვის. მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, კონფლიქტის მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში. შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა, რათა ახალი მთავრობის წევრებმა დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები თავიანთ კოლეგებთან.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრას საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწო.