კომისიაზე ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა ისაუბრა იმ თემებზე, რომელსაც გასულ წლებში ჰქონდა ადგილი. კომისიის თავმჯდომარის თინა ხიდაშელის განცხადებით, “ობიექტივის” ისტორია სიმპტომატურია და სრულიად ასახავს იმ რეალობას, რაც წინა ხელისუფლების დროს მედია სივრცეში ხდებოდა. მისი თქმით, მედიაზე შეტევები 2005 წლიდან დაიწყო და ამაში მაშინ “ობიექტივიც” მოყვა:
“ობიექტივთან” დაკავშირებით რაც ხდებოდა ეს იყო სტანდარტული სქემა, რომელსაც წინა ხელისუფლება იყენებდა. თავისთავად, ამბავი იმის შესახებ, რომ მართალს ამბობს, “ობიექტივი” თუ არა, ძალიან მარტივი დოკუმენტით დასტურდება _ როდესაც 2008 წლის 8 თებერვალს დირექტორი მარეგულირებელ კომისიას მიმართავს და ეუბნება, რომ მას არ უნდა სიხშირე, რომელსაც ფლობენ და საერთოდ აღარ აპირებენ იყოს ტელევიზია და სახელმწიფოს უბრუნებენ სიხშირეს. ამ პირობებში, 20 თებერვალს ახალი მესაკუთრე ჩნდება “ობიექტივში”. მარტივი კითხვა უნდა დაგვებადოს _ რა ინტერესი ჰქონდა ამ ბატონ კვირიკაშვილს, ეყიდა ტელევიზია, რომელიც უკვე, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა და რომელზეც უარი ჰქონდა მის დირექტორს ნათქვამი. ერთხელ გაიყიდა, მეორედ გაიყიდა და არც ერთხელ ფინანსური ტრანზაქცია არ არის. სულ საჩუქრად და წილის დათმობით ხდებოდა ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვამბობ სიმპტომატურია და კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რაც ხდებოდა გასული წლების განმავლობაში. ეს მედიაზე მასიური შეტევაა, რომელიც მიმდინარეობდა 2005-2007-2008 წლებში. ამ შეტევაში მოჰყვა, როგორც ობიექტივი, ბევრი სხვა ტელევიზია”, _ განაცხადა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ დროებითი საპარლამენტო კომისია “ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის” საქმიანობის დეტალებს სწავლობს, რომლის ფარგლებში საჯარო მოსმენები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.