ხარაგაულში ადგილობრივ მოსახლეობას კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ წარუდგინა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ “ქართული ოცნების” დეპუტატები და საზოგადოების წარმომადგენლები.
გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და ამომრჩეველს საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. ინფრასტრუქტურის მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა. დავით ნარმანიამ ხარაგაულის მოსახლეობას აცნობა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება ნუნისის გზის რეაბილიტაცია, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
დავით ნარმანიამ შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა 27 ოქტომბერს ღირსეული არჩევანის გაკეთებისკენ და მოსახლეობას დაპირება მისცა, რომ ” გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანა უფრო სწრაფი ტემპებით გააგრძელებს წინსვლას და ის დაბრკოლებები , რაც კოჰაბიტაციის პერიოდში იყო წარსულს ჩაბარდება.”
გიორგი მარგველაშვილმა ხარაგაულში მოსახლეობასთან შეხვედრა დადებითად შეაფასა: ” ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა, პოზიტივებზე ორიენტირებული. აქ იმ გზით ჩამოვედი, რომლის რეაბილიტაციასაც ჩვენი ხელისუფლება აპირებს. ხარაგაულის რაიონში, ისევე როგორც მთელს საქართველოში დიდი პოტენციალია, რასაც გამოყენება და განვითარება სჭირდება. ჩვენ იმ ნათელ მომავალზე ვსაუბრობთ, რომელსაც ხალხი პოლიტიკოსებთან ერთად გეგმავს და მალე, ჩვენ ყველა ერთად დავგეგმავთ.”
გიორგი მარგველაშვილი ხარაგაულის შემდეგ, ვანის მოსახლეობას ხვდება და საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტებს აცნობს.
(R)