“ეს პრობლემა იყო და კვლავ არის. არ ვსაუბრობ, რომ რაღაც ხდება განსაკუთრებული. მე მინახავს ისეთი დოკუმენტებიც, როდესაც პატიმარი უჩივის მაყურებელს. საუბარი არის გასულ წლებზე. ანუ იმ პერიოდშიც კი, მაყურებლების ინსტიტუტი რაღაც ფორმით არსებობდა. შეიძლება, რაღაც შემთხევები ახლაც არსებობს. ეს რამე განსაკუთრებული და ახალი არ არის. რაღაც პერიოდი, სანამ ეს მთლიანად ამოიძირკვება, იარსებებს. თვითონ სამინისტრომაც აღიარა, რომ რამდენიმე კონკრეტულ დაწესებულებაში რაღაც პრობლემა არის. ვერ ვიტყვი, რომ მიდის ე. წ “ობშიაკების” აკრეფა, ან რამე მსგავსი. ყოველ შემთხვევაში, ამის მტკიცებულებები ნაკლებია. სანამ არ იქნება რამე მტკიცებულება, ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებთ.
ის სქემები, რაც გამოქვეყნდა, სასაცილოა. უბრალოდ მინაშვილს შეეშალა, ამ სქემის უკან სინამდვილეში სახალხო დამცველია და არა სოზარ სუბარი (ხუმრობით ამბობს. ავტ) . ეს ნამდვილად სასაცილოა, იმდენად მტკიცებულებების და ფაქტების გარეშე იყო ეს ყველაფერი. ამაზე დროის დახარჯვაც კი არ უნდა ნდომებოდა მედიას, ჩემი აზრით… ყოველგვარი ფაქტების გარეშე მსგავსი განცხადებების გაკეთება, როდესაც ეს გამოგაქვს რაღაც კონკრეტულ ცხრილში, “ვორდში” თუ “ექსელში”, მართლა სასაცილოა და მითუმეტეს, ამის დაკავშირება მინისტრთან. პრობლემები არსებობს, მაგრამ არა იმ დოზით და ფორმით, როგორც ეს გადმოცემულია ოპოზიციის მიერ მოწყობილ პრესკონფერენციებზე.”
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” სასჯელაღსრულების დაწესებულებების “კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან მართვის სქემა” გამოაქვეყნა.
“ნაციონალების” ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებას, ე.წ. “რეზბალნიცას” ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია, იგივე ტარასა მართავს.
“ნაციონალების” სქემის მიხედვით, ქსნის ციხეს მართავენ მურმან ტვილდიანი იგივე “ხალვა”, ასევე ირაკლი მალანია, იკო ნოხაძე, კახა გურგენიძე და ედგარ მამედოვი.
ქსნის ციხეში, “ნაციონალების” ცნობით, საერთო რეჟიმს ლაშა ქებურია “უყურებს”, კარცერს – ზაქრო ჯანგულაშვილი, სასადილოს – ჯაბა ხოსბერუაშვილი და ავთანდილ თავაძე, ხოლო სამედიცინო ნაწილს – გიორგი ილდანი. გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, ე.წ. ტუბზონას მართავს კრიმინალური ავტორიტეტი არმაის გრიგორიანი, იგივე “მაისა”. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული სქემის მიხედვით, გეგუთის კოლონიას ლაშა კვანტალიანი “აკონტროლებს”, ხოლო რუსთავის #6 დაწესებულებას – მირიანა იგივე “ჟინვალა”. რუსთავის #17 დაწესებულებას კი, “ნაციონალების” ინფორმაციით, მართავენ გელა ტერტერაშვილი და კირილე ფხაკაძე, რომელიც მათივე ცნობით, ორი პოლიციელის მკვლელობისთვის არის გასამართლებული. ამავე სქემის თანახმად, გლდანის ციხის ე.წ. მაყურებლები კი, ზურაბ ნონიაშვილი და ზურაბ ბრეგაძე იგივე “პრაკოლა” არიან.