მისასალმებელ სიტყვაში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა, აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, გერმანიის ელჩმა ორთვინ ჰენიგმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კატერინა ბოლონიეზემ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა ინიტა პაულოვიცამ.
“სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ უნდა ჰქონდეს უფლება, საკუთარი მოსამართლის წინააღმდეგ აღძრას დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, და ეს უფლებამოსილება გადავაბაროთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. რაც შეეხება პრობაციას, ანუ გამოსაცდელ პერიოდს, ეს არის მსჯელობის საგანი, მაგრამ მსჯელობის საგანი ერთი რამ არ არის; 2010 წლის საკონსტიტუციო კანონში წერია შავით თეთრზე, რომ ახლანდელი მოსამართლეები ვერ დაინიშნებიან უვადოდ. ეს ეხება მხოლოდ მომავალში დანიშნულ მოსამართლეებს,” _ აღნიშნა წულუკიანმა საკუთარ გამოსვლაში.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა გაიმართება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის, მოსამართლეთა პროფესიული ზრდისა და განვითარების, სამოსამართლეო ეთიკისა და პასუხისმგებლობის საკითხებზე. ცალკე სესია დაეთმობა მოსამართლეთა სწავლებასა და სასწავლო უწყებაზე დისკუსიას.
კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ სასამართლო სისტემის ფუნქციონირების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, რომელსაც დრეზდენის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ულრიხ ჰაგენლოხი, ევროკავშირის ექსპერტი აგნეშკა მილართი, აშშ მოსამართლე ტიმოთი ჯ. ბალანდი და სხვა საერთაშორისო ექსპერტები წარმოადგენენ.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ევროკავშირის სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის პროექტი (EU CJR), მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP/USAID), საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ), ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში (NORLAG), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროპის საბჭო (CoE).


































































