პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც დღეს სამართლის სფეროში მოღვაწეობენ, უვადოდ გადაინიშნონ, გამორიცხულია.
დეპუტატი ასევე, აღნიშნავს, რომ კანონის ასეთი სახით ინტერპრეტაციას უმრავლესობა კატეგორიულად არ ეთანხმება.
“კანონპროექტში ძირითადი ცვლილება მოსამართლეთა დანიშვნის ანუ უფლებამოსილების ვადებს ეხება, რაც მოქმედი კანონმდებლობით 10 წელია. ხოლო ის ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს, მოსამართლეთა უვადო დანიშვნას ითვალისწინებს. უვადო, რა თქმა უნდა, ამჟამად მომუშავე მოსამართლეების ავტომატურ გადანიშვნას არ გულისხმობს. კანონპროექტს ასეთ ინტერპრეტაციას სამწუხაროდ უზენაესი სასამართლო და კოტე კუბლაშვილი აძლევს, რომელიც გამოვიდა და პირდაპირ განაცხადა, რომ ყველა ის მოსამართლე, რომელიც დღეს მოქმედია, უვადოდ გადაინიშნება.
ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ეს არ არის კანონის სწორი ინტერპრეტაცი. აქ რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს. შესაძლებელია პირველი სამი წელი მოსამართლემ გამოსაცდელი ვადით იმუშაოს და უვადოდ მხოლოდ ამ ეტაპის გავლის შემდეგ დაინიშნოს. ამაზეა საუბარი.
შესაბამისად, ვფიქრობ, რომ კონსტიტუციის იმ მოდელს უნდა მოვერგოთ, რაც გვაქვს. ახალ მოდელს, რომელშიც წერია, რომ მოსამართლე უვადოდ უნდა დაინიშნოს, რა თქმა უნდა, ვერ შევცვლით. ამიტომ, ვალდებულები ვართ “საერთო სასამართლოების” შესახებ კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ,” _ განაცხადა კობახიძემ.
დეპუტატი ყურადღებას ზოგიერთი მოსამართლის საზოგადოებრივ იმიჯზეც ამახვილებს. იგი აღნიშნავს, რომ მათი ნაწილი წლების განმავლობაში საზოგადოების კრიტიკას იმსახურებდნენ და შესაბამისად, ასეთების უვადოდ დანიშვნა უსამართლობა იქნება.
“საერთო სასამრთლოების” შესახებ კანონი პარლამენტში მესამე მოსმენით გადის.