აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და უნივერსიტეტის სტუდენტებმა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა სამების საკათედრო ტაძრისკენ ხატით მსვლელობა დაიწყეს. სამების საკათედრო ტაძრისკენ ხატს საქართველოს შეირაღებული ძალების ოფიცრები და ჯარისკაცები საპატიო ყარაულით მიაცილებდნენ.
სამების საკათედრო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II ხატი აკურთხა.
ხატი – “ყოველთა მწუხარეთა სიხარული” აფხაზეთში 20 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის დაიწერა. უწმიდესმა ქართველებისა და აფხაზების შერიგებისათვის ილოცა და აფხაზეთში 1990-იან წლებში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი გადაიხადა. ილია II თავის ქადაგებაში აღნიშნა, რომ “ძმათამკვლელ ომში ყველა მხარე დამარცხებულია და მცდელობა – ბარიერები აღმართონ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის, მარცხისთვისაა განწირული”.
პატრიარქი 23 მაისს “აფხაზეთობის” აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა.
ქადაგების ბოლოს პატრიარქმა თავდადებისათვის ჟიული შარტავას ჯილდო – წმინდა გიორგის ოქროს ორდენი მიანიჭა.
ილია II ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა ნინოს ოქროს ორდენი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიანიჭა და აღნიშნა, რომ ჯილდოს ტარების უფლება ექნება უზენაესი საბჭოს თავმჯრომარეს და შესაბამისად ელგუჯა გვაზავას გადასცა.