როგორც “გურია ნიუსს” საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – თბილისელების” თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძემ განუცხადა, საკითხი იდეის დონეზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ მართლაც გაჟღერდა. თუმცა, ჯერ ოფიციალური განხილვა არ ყოფილა.
“ვფიქრობ, ქუჩების, მოედნებისა და გამზირებისთვის პოლიტიკური მოტივებით სახელების შეცვლასთან დაკავშირებით ამტყდარი ბუმი არასწორია. ჯობია არაპოლიტიკურ ჭრილში, რბილი და სათუთი მიდგომით იყოს გადაწყვეტილი. “ნაცმოძრაობის” ფრაქციებმა განაცხადეს, რომ მოსკოვის გამზირი ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის სახელს შეიცავს და სოხუმის მოედანი დავარქვათო, მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგში შესული არაა, შესაბამისად კომისისას არ უმსჯელია. ოფიციალურად მათ საკრებულოსთვის ჯერ არ მოუმართავთ,” _ ამბობს ზუმბაძე.
მისივე თქმით, არ შეიძლება ხალხთაშორის მეგობრობას ხაზი გადაესვას და მსგავსი საკითხებისადმი ფრთხილი მიდგომაა აუცილებელი.
“რაც შეეხება სოხუმის დარქმევას ნებისმიერი ქუჩისათვის, აფხაზეთის მოსახლეობამ შესაძლებელია ისე განიხილონ, რომ სოხუმს არქმევენ, რადგან სათავისოდ მიაჩნიათ. ამდენად, როდესაც ჩვენსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობა დათბება, მაშინ დავარქვათ და ისინიც ჩათვლიან, რომ ესაა შემხვედრი ნაბიჯები. ახლა კი შეიძლება ამან ეროვნული ეგოიზმი გამოიწვიოს,” _ უთხრა “გურია ნიუსს” ზუმბაძემ.