დღევანდელი კომისიის სხდომაზე სულ ხუთი საკითხი იყო განსახილველი. მათ შორის, იმ პერიოდის ანგარიშიც, რომელშიც უწყებათაშორის კომისიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
ანგარიშში მოყვანილია ყველა ის საჩივარი, რომლებითაც ამ ერთი თვის განმავლობაში უწყებათაშორის კომისიას არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა მიმართეს. ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი, თუ რა რეაგირება მოჰყვა თითოეულ ამ საჩივარს კომისიის მხრიდან.
ანგარიშში ასევე, აღნიშნულია, რომ კომისიის ცხელ ხაზზე ამ დროის განმავლობაში სულ 24 ზარი განხორციელდა. მათი უმეტესობა ტექნიკური ხასიათის იყო და, ძირითადად, კომისიის მუშაობის სპეციფიკას ეხებოდა.
ერთთვიანი მუშაობის ანგარიში იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება, რომლის გაცნობაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.
კომისიამ, ასევე, იმსჯელა ცნება “აგიტაციის” განმარტებაზე, რომელსაც რეკომენდაციის სახე მიეცემა და საჯარო სამსახურებს დაეგზავნება.