მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელ კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, მდგომარეობა მძიმეა და ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა თავიდან აიცილოს მოსალოდნელი შედეგები.
“დაიმეწყრა ძალიან ბევრი სოფელი და ზოგიერთი დამეწყრილი ზონიდან ადგილობრივი მოსახლეობაც ევაკუირებულია. მესტიის რაიონამდე მისასვლელი გზები ჩახერგილია. თუმცა, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდა პერმანენტულად. ბეჩოსა და უშხვანარიდან რამდენიმე ოჯახი გაყვანილია”, _ აცხადებს მესტიის გამგებელი.
სტიქიას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ებრძვის ზუგდიდის მოსახლეობაც, სოფელ ორსანტიაში წყალდიდობაა, დატბორილია რამდენიმე ოჯახი. წყალმა სახლების პირველი სართულები მთლიანად დაფარა.
ადიდებულმა ენგურმა ნაპირსამაგრი დამბების არარსებობის გამო შესაძლოა საფრთხე კიდევ შეუქმნას მოსახლეობას.
ხობში სტიქიასთან საბრძოლველად და მოსალოდნელი სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად მობილიზებულია როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ასევე მოსახლეობა.