2013 წლის სექტემბრის თვე 507 082 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 15,1 %-ით მეტია.
რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 075 600 ვიზიტი განხორციელდა, რაც 25%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე და თითქმის გაუტოლდა 2012 სრული კალენდარული წლის მონაცემებს (92%). ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი – 1 614 712 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 18%);
ბ) ტრანზიტი – 886 504 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 21,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 59%);
გ) სხვა – 1 574 384 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 18%).
2013 წლის სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-7,3%), აზერბაიჯანიდან (+10,9%), სომხეთიდან (+30,5%), რუსეთიდან (+42,1%), უკრაინიდან (+62,1%) და ირანიდან (-26%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლის რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–სექტემბერში, უკვე „ტრადიციულ“ პოლონეთი-ჩეხეთი-ავსტრიასთან ერთად გამოირჩნენ საფრანგეთი, იტალია და გერმანია (შესაბამისად – 65%, 32%, 28%, 19%, 18% და 16%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთის (39%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელის (35%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსის მოქალაქეების 60%–იანი მატებით.
სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან მიმართებაში, ცალკე აღსანიშნავია საქართველოს მოქალაქეთა აქტივობის ზრდაც, რაც მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში 23,2 (შემოსვლა) და 24,3 (გასვლა) პროცენტიან მატებაში გამოისახა.