სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს “გუდვილის” განცხადება აკმაყოფილებს “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონით დადგენილ მოთხოვნებს და საქმე წარმოებაში მიიღო. შპს “გუდვილს” მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო დაენიშნა.
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან “გუდვილს” ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.
ამავე დროს შეჩერდა შპს “გუდვილის” წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება. სასამართლოს განჩინების გამოტანამდე შეჩერდა აღებული ვალების უზრუნველყოფა, ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.
“გუდვილის” კრედიტორთა პირველი კრება 2013 წლის 6 ნოემბერს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაშია ჩანიშნული.