განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების სრულ უგულებელყოფას და ზეწოლას კომპეტენტურ ორგანოებსა და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობაზე. ხუდონჰესის პროექტისადმი კრიტიკულად განწყობილი პირებისა და ორგანიზაციების მიმართ გრძელდება რეპუტაციის შემლახავი დაუფარავი კამპანია. ხელმომწერი ორგანიზაციების მოთხოვნებში აღნიშნულია:
“ხუდონჰესის პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებს;
მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრსა და ენერგეტიკის მინისტრს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ინვესტორი კომპანიის ინტერესების ლობირებისგან, გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებსა და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობაზე აშკარა ზეწოლისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობებისგან;
გამოკვლეულ იქნეს ინტერესთა კონფლიქტები და ელიტური კორუფციის მექანიზმები, რათა გამოირიცხოს მათი არსებობის მცირე შესაძლებლობაც კი,” _ აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, “გურია ნიუსისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სვანეთში დაძაბულობის პროვოცირებას რამდენიმე ადამიანი ახდენს.
“ამას ახლა ზედმეტი ტრაგიზმი და დრამატიზირებაც არ სჭირდება. ეს არის ქვეყნისთვის საჭირო. სვანებს ეს ესმით და ქვეყნისთვის უამრავი საქმე აქვთ გაკეთებული. ჩემთვისაც შემოუთვლიათ _ თუ იტყვი, რომ ეს ქვეყანას სჭირდება ჩვენ დავდგებით და გავაკეთებთო. იქ არიან პიროვნებები, ვინც ზემდეტად ძაბავენ სიტუაციას და ჩვენ ვსწავლობთ, ვერკვევით. ისე გავაკეთებთ, რომ მოსახლეობისთვის იყოს მაქსიმალურად სასარგებლო და გასაგები ეს ყველაფერი,” _ განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა “გურია ნიუსს”.
ამავე თემაზე: ივანიშვილი ჰუდონჰესზე _ “მარტო კაკლის ჩრდილში წამოწოლა გვინდა?”