შენობა შპს “ელსელემმა” შეიძინა, რომელიც დიდი მოცულობის სამრეწველო-სამკერვალო საწარმოებს თბილისშიც ფლობს. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითრების სამსახურის უფროსმა რომან ბიწაძემ “გურია ნიუსს” განუცხადა, ინვესტორის დაინრტერესების მიზეზი მისი წარმომავლობაა – კომპანიის წარმომადგენელი ლანჩხუთელია.
შენობა, რომელიც დროებით ორგანიზაცია “წითელ ჯვარს” ეკავა, 13 600 ლარად გაიყიდა. აუქციონი 16 დღის წინ გამოცხადდა და შენობის შეძენის ერთადერთი მსურველი შპს “ელსელემი” იყო.
შენობაში სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნება და ადგილობრივი მკერავები დასაქმდებიან. “ელსელემის” ხელმძღვანელის ლევან მამასახლისის თქმით, ფაბრიკა წლის ბოლომდე ამუშავდება.
როგორც ლევან მამასახლისმა “გურია ნიუსს” განუცხადა, მის კომპანიას ამ სფეროში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს და მას შემდეგ, რაც სამკერვალო ფაბრიკა ამუშავდება, ადგილობრივი მკერავები დასაქმდებიან.
_ რატომ გადაწყვიტეთ ლანჩხუთში სამკერვალო საწარმოს გახსნა?
ლევან მამასახლისი:
_ ამ სფეროში ვმოღვაწეობთ დაახლოებით უკვე 20 წელია. ჩვენი დაინტერესება იყო რეგიონებზეც და პირველ რიგში ლანჩხუთი შევარჩიეთ იმ ტრადიციებიდან გამომდინარე, რომ აქ არსებობდა დიდი ფაბრიკა და მუშა ხელიც არის ამ რაიონში. ვაპირებთ სხვა რეგიონებში გავხსნათ მსგავსი საწარმო, მაგრამ დავიწყეთ ლანჩხუთიდან.
_ რამდენი ადამიანის დასაქმებას გეგმავთ?
_ პირველ ეტაპზე 50 ადამიანის დასაქმებას ვგეგმავთ, რაც უფრო გავზრდით ჩვენს ინტერესს, ხალხიც მეტი დასაქმდება.
_ მუშა ხელი ადგილობრივი იქნება?
_ რა თქმა უნდა. საწარმოში აუცილებლად ადგილობრივები დასაქმდებიან, კერძოდ, ისინი, ვინც ძველ ფაბრიკაში მუშაობდნენ. რაც შეეხება ანაზღაურებას, ეს გამომუშავებაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, ჩვენი კომპანია ფაბრიკაში დასაქმებულებს ხელს შეუწყობს ცოდნის მიღებაში და შესაბამის ტრენინგებსაც ჩაუტარებს. ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად დავიწყოთ შენობაში სარემონტო სამუშაოები, რათა ფაბრიკა მალე ამოქმედდეს.