მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სტაჟირებას და პრაქტიკას გაივლიან, რაც მათ კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარებათ.
სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, უძრავი ქონების სფეროს სამეცნიერო კვლევებისთვის, თავიანთ საკვალიფიკაციო ნაშრომებში გამოიყენონ სააგენტოს საჯარო მასალები და ოფიციალური დოკუმენტები. საჭიროების შემთხვევაში, სტუ-ის პროფესორ–მასწავლებლები საჯარო რეესტრის ცენტრალური და რეგიონული ოფისების თანამშრომლებს ჩაუტარებენ ტრენინგებს უძრავი ქონების ეკონომიკის საკითხებზე, სააგენტოს სათანადო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები კი თავის მხრივ, მოაწყობენ პრაქტიკულ სემინარებს სტუ-ის სტუდენტებისათვის.
მემორანდუმის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოიზიდავს პროგრესულ საკადრო რესურსს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ კურსდამთავრებულებს და შესაძლებლობის ფარგლებში, სათანადო საკონკურსო ეტაპების გავლის შემდეგ, დაასაქმებს მათ.
როგორც საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ ეკატერინე კერესელიძემ აღნიშნა „თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც საჯარო რეესტრისთვის, ასევე ტექნიკური უნივერსტეტისთვისაც. ჩვენ ვცდილობთ მოვიზიდოთ და დავაინტერესოთ წარმატებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას. იმედი გვაქვს, საჯარო რეესტრში შეძენილ პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას ახალგაზრდები ქვეყნის განვითარებას მოახმარენ“.
საჯარო რეესტრსა და ტექნიკურ უნივერსტეტს შორის გაფრომებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და პროფესიულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და ქვეყანაში უძრავი ქონების, მიწის კადასტრის, სამართლებრივი რეგულირების, მიწის ადმინისტრირების, უძრავ ქონებაში ინვესტირების და მისი შეფასების ხელშეწყობას.