სექტემბრის ბოლოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად შეიცვალა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს დაკომპლექტების წესი, ცვლილებებია ასევე, კომისიონერის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურაში, რის შედეგადაც, გამარტივებულია კომისიონერის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა, რაც ჩვენი აზრით, მნიშვნელოვნად ამცირებს კომისიონერის დამოუკიდებლობის და ხელშეუხებლობის ხარისხს.
“კომისიას სურს განმარტოს, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით (მე-10 მუხლის მე-9 პუნქტი), ერთი მხრივ, მოქმედი კომისიონერების დამოუკიდებლობის და ხელშეუხებლობის ხარისხი მნიშვნელოვნად მცირდება, ხოლო მეორე მხრივ, პოლიტიკურად მოტივირებული ხდება ახალი კომისიონერების შერჩევის პროცედურა.
კანონის (ცვლილებამდე) მოქმედი რედაქციით, კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის განკარგულებას (კომისონერის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ) სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე არ გამოსცემდა, რითაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს წევრის ვადაზე ადრე თანამდებობიდან გათავისუფლება დამოკიდებული იყო აპოლიტიკური ხელისუფლების შტოზე – სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე. კანონის ახალი რედაქციის შესაბამისად კი (მე-10 მუხლი მე-6 პუნქტი) კომისიონერის ვადაზე ადრე თანამდებობიდან გათავისუფლება დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაზე. კანონის ახალი რედაქციით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება მართალია გასაჩივრებადია სასამართლოში, თუმცა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე კომისიონერს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება ეზღუდება, რადგან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების აქტი მოქმედი რჩება, სასამართლოში გასაჩივრების მიუხედავად.
მიგვაჩნია, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ამ ცვლილებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შემადგენლობა თავისი გადაწყვეტილებების მიღების დროს ვეღარ იქნება დამოუკიდებელი, სავარაუდოდ, კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას კომისიონერი საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების პროცესში, ქვეცნობიერად, დასარეგულირებელ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის განწყობასაც გაითვალისწინებს.
საქართველოს პარლამენტის ეს უფლებამოსილება ჩვენი აზრით, დამოკლეს მახვილის ფუნქციას შეუსრულებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა დამოუკიდებლობასა და ხელშეუხებლობაზე.
ასევე, გვინდა, საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ კიდევ ერთ საკითხზე, კერძოდ ამავე კანონში შესულ ცვლილებებამდე კომისიონერის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევისას საქართველოს პარლამენტის წევრები ხმას აძლევდნენ ფარული კენჭისყრით. კანონის ახალ რედაქციაში (მე-9 მუხლის მე-12 პუნქტი) კომისიონერის ასარჩევად ფარული კენჭისყრა გათვალისწინებული აღარ არის.
და ბოლოს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ეს ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ცვლილებები საკონსტიტუციო ცვლილებებით გამოწვეული აუცილებლობა გახდა. საქართველოს პარლამენტის ეს დასაბუთება, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების როგორიცაა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, არცთუ უსაფუძვლო კრიტიკის საგანი გახდა,” _ ნათქვამია განცხადებაში.