აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ კვიტაიშვილის იმპიჩმენტს “კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის” საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრები მას შემდეგ ითხოვდნენ, რაც კომისიამ მარეგულირებლის საქმიანობაში დარღვევები აღმოაჩინა. ირაკლი ჩიქოვანის წასვლის და კარლო კვიტაიშვილის იმპიჩმენტის შემდეგ მარეგულირებელში ორი ვაკანტური ადგილი გაჩნდა, რომელზეც კანდიდატები პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს.
დროებითი საგამოძიებო კომისიის დადგენილების თანახმად, მარეგულირებელი უხეშად არღვევდა მომხმარებელთა უფლებებს. ასევე კონკურენციის განვითარებისთვის ხელშეწყობის მოთხოვნები ირღვეოდა და უფლებამოსილების გადამეტება ხდებოდა.კომისიის წევრების განმარტებით, აღნიშნული გარემოებები საკმარისია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრების უფლებამოსილების შესაჩერებლად და სისხლის სამართლის წარმოების დასაწყებად.
„კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს მოკვლეული მასალები თანდართული დოკუმენტაციით გადაეგზავნოს მთავარ პროკურატურას დაუყოვნებლივი რეაგირებისათვის. ამასთანავე, ეთხოვოს მთავარ პროკურორს სრულყოფილი და დროული ინფორმაცია მიაწოდოს პარლამენტს საგამოძიებო მოქმედებებისა და შედეგების შესახებ,” _ აღნიშნულია საგამოძიებო კომისიის დადგენილების პროექტში.