შპს “ქართული კვების კომპანია”, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების კვებაზეა პასუხისმგებელი აცხადებს, რომ ეს იყო მსუბუქი დიარეა და ინტოქსიკაციას ან მოწამვლის რაიმე მძიმე ფორმას ადგილი არ ჰქონია:
_ სამხედრო პოლიციამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. საქმეზე დაწყებულია მოკვლევა. დადასტურებულია, რომ ეს იყო მსუბუქი დიარეა. ინტოქსიკაციას ან მოწამვლის რაიმე მძიმე ფორმას ადგილი არ ქონია. არცერთ სამხედრო მოსამსახურეს არ დაჭირვებია არანაირი ფორმის სამედიცინო დახმარება. ადგილზე შემოწმების შემდეგ სამხედროები დაუბრუნდნენ საწვრთნელ პოლიგონს. გამოძიების პირველადი მონაცემებით იკვეთება მზარეულის დაუდევრობა საკვების მომზადებისას. მზარეული, რომლის დაუდევრობაც იკვეთება, “ქართული კვების კომპანიიდან” უკვე დათხოვნილია, _ ნათქვამია კომპანიის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ეს ჯარისკაცების მოწამვლის პირველი შემთხვევა არ არის. ივნისის თვეში, ქუთაისის სამხედრო ნაწილში 11 ჯარისკაცი მოიწამლა, რის გამოც ირაკლი ალასანია არმიის კვების პრობლემებზე პასუხისმგებელი პირების “თავების დაგორებითაც” დაიმუქრა. თუმცა, მუქარა მუქარად დარჩა.
სექტემბერის დასაწყისში საკვებით მოწამლული ორი ჯარისკაცი ღუდუშაურის კლინიკაში იყო მოთავსებული. ამის შემდეგ “ახალგაზრდა ადვოკატებმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 16–22 სექტემბრის შუალედში, მე-11 ბრიგადასა და საინჟინრო ბრიგადაში 330 ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა.
ოქტომბრის დასაწყისში კი ჯარისკაცების საკვებით მოწამვლის ფაქტი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დაფიქსირდა.