“რია – ნოვოსტის” ოფისიდან გამოტანილი ჩამორიგებული სკამები საპატიო და არც ისე საპატიო სტუმრებისათვის… რა არის გასაკვირი, ქართველები ვართ, ხომ ვთხოვთ ხოლმე მეზობლებს სკამების თხოვებას როდესაც ან სუფრა გვაქვს სახლში ან პანაშვიდი? იმედია, რომ ხალიჩები მაინც არაა გამოტანილი მეზობელი ოფისებიდან.
ბედნიერი და ლაღი პრემიერი შემოდის ეზოში, ღიმილიანია, რატომაც არა, სამოქალაქო სექტორიდან უფრო საპატიო ზეპრეზიდენტ-ზეპრემიერის რანგში გადადის, მაყურებელი იქნება პრეზიდენტ-პრემიერისა და თავის შეყვანილი ურეიტინგო პოლიტიკური პარტიებისა.
პატრიარქი, რაღაც უცნაურად მარტო, სასულიერო პირები კი უკანა რიგებში. პრემიერის მისალმება პატრიარქთან, შემდეგ კი გადავიწყებული მოხუცივით ჩამომჯდარი მარტო სკამზე, რატომღაც უღიმილოდ და ბედნიერი სახის გარეშე, პატრიარქის ქცევაში იმედები არ იკითხება, ისე, როგორც პარლამენტის არჩევნების შემდგომ პირველ საპარლამენტო სხდომაზე იმყოფებოდა გახარებული სახით. მალევე პრემიერიცა და პარლამენტის თავმჯდომარე ზურგით დგებიან პატრიარქის მიმართ, გადავიწყებული მოხუცივითაა, თითქოს ზედმეტობას რომ გამოუხატავენ.
ყველაფერი ძალიან მშვიდია, ზედმეტად მშვიდი, როგორც წინაპრების სასაფლაოზე, განცდებიც რომ არ აქვს მისულ ხალხს და ნაცნობის ბებია-ბაბუების საფლავთან დადგმულ მაგიდაზე სუფრის გაშლას ელიან. ასე ჩამორიგებულები მეზობლებისგან გამოტანილ სკამებზე სხედან მოწვეული სტუმრები, ისინიც უსახურად წარმოდგენილნი, 50-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, თუმცა, რაღაც შეუგრძნობი, არაფრით საინტერესო, რომელიღაცა დამწყები მხატვრის დიდი ტილოს მეორეხარისხოვანი პერსონაჟებივით.
გგონია, რომ მთელ ამ პროცესში ან ცოცხალი არავინაა ან ზომბები ქმნიან უცნაურ რიტუალს, გამოცოცხლება მხოლოდ სახურავზეა, მართალია, იქ არც კარლსონი დააბოტებს ბიჭუნასთან ერთად და არც ფილესა და რულეს გაქცევას ლამობს მოჩვენების სამოსში გამოწყობილი, იქ უბრალოდ, მედიაა განთავსებული და ჟურნალისტები ერთმანეთში ხუმრობენ, მეოთხე ხელისუფლებამ მედია თავისზე მაღლა დაგვაყენაო, სიმაღლის კუთხით აკი მართალია, სადღც მიწიერ საქართველოში პრეზიდენტის შემოსვლას ელოდებიან, აი, სახურავზე თუ სადღაც ზეციურ საქართველოდან კი მედია აკვირდება მოვლენებს.
კადრში მოჩანს ქუჩაც, რაღაც ძალიან უცხოა, ჩაკეტილი ჭიშკრიდან პრეზიდენტს ელოდებიან, მის უკან კი უკრაინული ავტობუსები და თურქული მიკროავტობუსები, ქალაქს თითქოს არც აინტერესებს რა ხდება. ყველა თავისთვის ცხოვრობს. პარლამენტის ეზოში მიმდინარე პროცესი კორპორატიულ შუადღეს უფრო ჰგავს, ერთი კომპანიის წევრების შეხვედრად, როგორც წესი, უღიმღამოს მსხვილი კორპორაციებივით და ფერებგადღაბნილი პროცესივით.
თანამედროვე ქართველ კომპოზიტორებს სიმღერების ტექსტებში რომ დეფიციტი აქვთ და ერთსა და იმავე გაცვეთილ მხატვრულ სახეებს ატრიალებენ, შეუგრძნობსა და უსახურს, ახლა ვხვდები რას გულისხმობს “ოცნებისფერი ნისლი” და მისი მეტაფორა, “ოცნებისფერი ნისლი” ახლა ლურჯია, იმდენად ლურჯი, რომ ჰალსტუხებიდან დაწყებული, სახელმწიფო სიმბოლიკით დამთავრებული კედელ-კედელ, ადამიან-ადამიან, ყველა ჩალურჯებულივითაა. სახელმწიფო გერბიც კი ფერშეცვლილია, გეგონება ტელევიზიის ლოგო იყოს და სადღესასწაულოდ მოერთოს ვინმეს, სილურჯე სივრცეს აერთიანებს.
საერთო ემოციაც კი არ არსებობს, მხოლოდ ყველაზე მონდომებულებში შეინიშნება მოზომილი სიხარული, ისიც მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის უკვე ფაქტობრივი და იურიდიული წასვლით. სადღაც კუთხეებში პრეზიდენტ სააკაშვილის აჩრდილი დადის, ის მაინც უფრო ცენტრალური გმირივითაა, როგორც ქელეხში მიცვალებული, საუბრისა და მსჯელობის ამოსავალ წერტილად.
ვზეიმობთ “მიშას” წასვლას, ის ახლა უკვე ექსპრეზიდენტი მიშაა და არა პრეზიდენტი სააკაშვილი. მახსოვს, მისივე ტექსტი იყო, რომ პრეზიდენტებს ყოფილის სტატუსი არ უნდა ჰქონდეთო, ვნახოთ, პრეზიდენტის სახისმეტყველება როგორი იქნება მომავალში, სადღაც გულის სიღრმეში შესაძლოა ადამიანებს ის ისევ დაუბრუნდეს ან სასურველის ან კიდევ “მოლანდების” სახით. რაც გინდა ვთქვათ და დღევანდელი პრეზიდენტის ინაუგურაციის “პერსონაჟ-გმირად”, როგორც ცენტრალურ ფიგურად, მაინც უფრო სააკაშვილი მოჩანს, ის ახლა სადღაც შორს მიტოვებული მიჯნურივით თუ იქნება, ან სასმელში ათქვეფილი ან სადღაც შემოდგომის სევდიან სანაპიროზე მოსეირნე, ანდაც ჩამომჭკნარ პარკში გამხმარი ფოთლებით დაფარული პატარა მაგიდის მოსაუბრე ჭიქა ვისკით ხელში, იქნებ, დამალული ცრემლით, ოღონდ უფრო გულწრფელით, ვიდრე იმ კადრებში, ჩვენ რომ გვახსენებს თავს კადრგაშეშებული მტირალი მგოსანივით.
… და შემოდის პრეზიდენტი მარგველაშვილი ეზოში, შემოდის რა… უფრო “შემოტასაობს”… დგება განკუთვნილ ადგილას და ასრულებს თავის სიტყვას… სანამ ქართველი საზოგადოება მივხვდებით, რა უფლებებსა და ფუნქციას ასრულებს ახლა პრეზიდენტი, ძველი გადმონაშთი სტერეოტიპების წყალობით, ჩვენს ცნობიერებაში ის უფრო ძლევამოსილად მოჩანს, ვიდრე ეზოში სკამზე დაბრძანებული მომავალი პრემიერ მინისტრი.
… და ამბობს სიტყვას პრეზიდენტი, პათეტიური ვითარცა ლევან ხურციძე “ცეკვავენ ვარსკვლავების” წაყვანისას, ოღონდ, მისი ხმისა და ტემბრისგან განსხვავებით, სადღაც მოწვრილებულ, ხხმოვანებზე არადამაჯერებლად გაძლიერებული აქცენტებითა და უცნაური ასამაღლებელივით… მის სიტყვას არც შინაარსი ეტყობა, არც ფორმა, არც ექსპრესია და არც დინამიზმი… ისეთი ტონით ელაპარაკება ჯარს, თითქოს მთავარსარდალი კი არა, გულჩვილი მამა იყოს, იქნებ, მონარქისტული გავლენაა ეს “მამობრივ-დედობრივი” მიდგომა ჯარის მიმართ, ან იქნებ ის, რომ ასეთ ქცევაზე შეშინებული და გაქცეული სააკაშვილის პერსპექტივა გვახსენდება. თუმცა, ვინ იცის, ტონი ქცევაზე რომ მეტყველებდეს, მაშინ მიხეილ სააკაშვილსაც არ წამოაძახებდნენ ცნობილ ფოტოებს…ამ ქცევაშიც სააკაშვილის გახსენება ბუნებრივია, სააკაშვილის აჩრდილი ამ სიტყვას დასტრიალებს და მსმენელს სადღაც პირველ ნოსტალგიებს აღუძრავს უკვე ძველი პრეზიდენტის მიმართ, მართალია, სისულეებს ლაპარაკობდა, მაგრამ ცოცხალი სიტყვის პატრონი მაინც იყო და ყველა ბგერა საკუთარ სათქმელს ამბობდაო.
პრეზიდენტი მარგველაშვილი კი დგას და სახადივით ჭირის ოფლში გაწურული ცდილობს დაასრულოს ტექსტი, იმაზე უფრო მოკლე, ვიდრე ველოდით, მაგრამ ისიც კი მძიმე და გაუმკლავებელი მისთვის. მოუმზადებლად გამოცდაზე გასული სტუდენტივით ხმააკანკალებული, დაურწმუნებელი და თავის როლში ვერ გარკვეული მოჩანს ახალი პრეზიდენტი, სულ ახალშობილი, მაგრამ მაინც, მარტივად აღსაქმელი, რომ თითქოს სხვა პირია პრეზიდენტი და სხვა ადამიანი ამ როლში ხელოვნურად ჩასახლებული.
მაგრამ… მთელ ამ უცნაურად დახატულ ნახატს, სად მხატვარია და სად გმირები,რომ ვერ მიხვდები, ერთი მთავარი მხარე აქვს. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც დღეს-ხვალ თუ იქნება მთავარი გმირი მედიისა და ხალხისათვის, თორემ შემდეგ უფრო ოთახში დაკიდებული ფოტოს როლს მიიღებს ცოცხალი ადამიანის ნაცვლად, რადგან მის აქტუალობას ახალი პრემიერის მნიშვნელოვნობა შეცვლის. საქართველო კი მისტიური ფილმების სცენას დაემსგავსება, სადაც მაინც ვერ გაიგებ ვინ ვინაა, ვინ მიდის, ვინ მოდის, ვინ სად რჩება, ვინ სულია და ვინ სხეული, ვინ ტყის აჩრდილი, ვინ მაქცია და ვინ ადამიანი.
სააკაშვილი და მარგველაშვილი მიდიან, ოფიციალურად, სახელდებულად, სხვები მოდიან, მაგრამ მაინც ისეთი განცდა ჩნდება, რომ ეს მხოლოდ როლთა ცვლაა, პერსონაჟები კი ჯერჯერობით იგივეები რჩებიან. მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი კი…
ისინი…
ისინი ქართველი ტიტანებივით არიან, სამყაროს რომ რთავენ თავიანთ პერსონიფიცირებულ ბრძოლებში…
ალბათ, როდესმე მათი “მორალური” ფინალიც ერთი იქნება და ასი წლის შემდეგ იყოს, მაგრამ… მხატვრული რეალობასავით მათაც გვერდიგვერდ დაასაფლავებენ წარწერით: “უყვარდათ თუ სძულდათ ერთმანეთი, მხოლოდ ღმერთმა იცის, მაგრამ მთელი ეს წიგნი საქართველოს უახლოესი ისტორიისა მათ სულისა და გულის კონფლიქტი იყო, როგორც საერთო სულის სხვადასხვა სულის ორ ადამიანთა.”
არჩილ გამზარდია
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი