ეროვნული უმცირესობების მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კვლევა პროექტის ფარგლებში “ხელმისწვდომი მართლმსაჯულება ეროვნული და რელიგიური უმცირესობებისთვის ადმინისტრაციული სამართლის სფეროში” განხორციელდა. კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდამ” ჩაატარა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის JILEP პროგრამის მხარდაჭერითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.
კვლევის მიზნიდან გამომდინარე რეგიონები და ქალაქები, სადაც ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა შერჩეული იქნა მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის გათვალისწინებით. შეირჩა ის რეგიონები სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები.
როგორც “სიდას” ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა გაგვიცხადა: “შერჩევის ფორმირებისთვის ჩარჩოდ გამოყენებული იქნა მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მონაცემები. შეირჩა რეგიონები, სადაც არის სამი ან მეტი მუნიციპალიტეტი, რომელშიც არის ერთი დასახლებული პუნქტი მაინც სადაც მოსახლეობის 60%-ს ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენენ. შეირჩა სამი რეგიონი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი.
გამოყენებული იქნა სამსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა. პირველ საფეხურს წარმოადგენდა რეგიონი, მეორე საფეხურს მუნიციპალიტეტი, ხოლო მესამე საფეხურს დასახლებული პუნქტი. შეირჩა ის დასახლებული პუნქტები, სადაც მოსახლეობის 60%-ზე მეტს ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენენ.რესპონდენტთა შერჩევა დასახლებული პუნქტების მიხედვით მოსახლეობის პროპორციულად მოხდა”.
კვლევის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
სხვადასხვა ინსტიტუტებისადმი ეთნიკური უმცირესობების ნდობა შედეგების მიხედვით საშუალოზე მაღალია. სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა უფრო მაღალია ქვემო ქართლისა და კახეთის რესპონდენტებში, ხოლო ნაკლები – სამცხე-ჯავახეთში.
საშუალოზე მაღალია ნდობა (5 ბალიან სკალაზე >3,5) მართლმსაჯულების ინსტუტეტების მიმართ – სასამართლოსა და პოლიციას ეთნიკურად არაქართული მოსახლეობა ენდობა. სასამართლოზე მეტად რესპონდენტები პოლიციის მიმართ გამოხატავენ ნდობას. კერძოდ, თუ სასამართლოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი 3,6 ქულას უდრის 5 ბალიან სკალაზე, პოლიციისთვის ეს მაჩვენებელი 4,18 ქულას შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მიმართ ნდობა მაღალია, ფოკუს-ჯგუფებზე გამოითქვა მოსაზრება, რომ პოლიციის მიმართ მოსახლეობას შიში აქვს, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იძახებენ პოლიციას და ცდილობენ საქმე პოლიციამდე არ მივიდეს.
მაღალია თვითმმართველობის მიმართ ნდობა. ადგილობრივი გამგეობისა და საკრებულოს მიმართ ნდობა 5 ბალიან სკალაზე 3,8 და 3,7 ქულით შეფასდა.
გამოკითხულები ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობასაც მაღალ შეფასებას აძლევენ. გამოკითხულთა 71% მათ საქმიანობას დადებითად აფასებს. გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ გამგეობისა და საკრებულოს პერსონალი კომპეტენტურია, თავაზიანია, ორიენტირებულია პრობლემის გადაჭრაზე, მათი საქმიანობა გამჭვირვალეა.
ზვიად დევდარიანის განცხადებით: “მიუხედავად იმისა, რომ გამგეობისა და საკრებულოს საქმიანობის სხვადასხვა ასპექტი საშუალოზე მაღალი ქულებით შეფასდა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ყველაზე მაღალ შეფასებები ადგილობრივი თვითმმართველობას კახეთის რეგიონში გამოკითხულმა რესპონდენტებმა მისცეს, ხოლო ყველაზე დაბალი – სამცხე-ჯავახეთში.”