შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი უძღვება და ამ წუთებში სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” იმართება.
განხილვას ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ქეით ჯულიანი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორი საქართველოში ანდრეა ქერბსი და საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრა გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.
შეგახსნებთ, რომ თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს მთავრობამ 30 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცა და ის განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა.
კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა გაიზრდება. თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან თემები ჩამოყალიბდება, რომლის ბაზაზეც მუნიციპალიტეტები ფორმირდება. სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნაა განსაზღვრული. გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, კოლეგიური ორგანო შეიქმნება, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული იქნება. თვითმმართველი ერთეულების მმართველი რგოლები არჩევითი იქნება. ასევე, ფისკალური დეცენტრალიზაციის გრძელვადიანი ხედვა განისაზღვრა, რაც თვითმმართველობებს მეტ ფინანსურ რესურსს გაუჩენს.
თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს პარლამენტის ბიურომ უკვე დაარეგისტრირა და მისი საკომიტეტო მოსმენები უახლოეს მომავალში დაიწყება.