“ამ დღეების განმავლობაში მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი არგუმენტი დავით ნარმანიას წინაამღდეგ. ეს ფაქტი მეტყველებს ორ რამეზე, პირველი, რომ ასეთი არგუმენტი არ არსებობს ნარმანიას წინაამღდეგ და მეორე, “ქართული ოცნება” სწორი მიმართულებით მსჯელობს თბილისის მერის კანდიდატურის შესახებ. ჩვენს დედაქალაქს სჭირდება მერი, რომელიც არის პატიოსანი, პროფესიონალი და თბილისის ბიუჯეტს არ აქცევს პირად საფულედ. მერი, რომლისთვისაც თბილისის წინაშე დაგროვილი პრობლემების გადაჭრა და თბილისელების ინტერესი იქნება პირადი საზრუნავი, ასეთი კი ნამდვილად გახლავთ დავით ნარმანია”.
გაბუნიამ აღნიშნა, რომ მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ გამოთქმული შეფასებები და მერის კანდიდატურის შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელი “ფართო მცნება” და განაცხადა, რომ ყველამ დაინახა თუ რა ფართო პრობლემების წინაშე დააყენა თბილისი გიგი უგულავამ.
გაბუნია აცხადებს, რომ დავით ნარმანია წლების წინ მუშაობდა თბილისთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მათ შორის თბილისის ბიუჯეტის თემაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის ფინანსურ ნაწილზე, თეორიული, სამეცნიერო ნაწილი მის მიერ არის მომზადებული და ის კარგად იცნობს ამ საკითხს, სწორედ ამიტომ ვინც არ უნდა იყოს დასახელებული სხვა კანდიდატად, ნარმანია აუცილებლად დაძლევს, მით უმეტეს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დასახელებულ კანდიდატებს.
“ბატონ ვაშაძეს მკაფიოდ უთხრა უარი ისნის მოსახლეობამ, სადაც ის გასულ საპარლამენტო არჩევნებზე იყრიდა კენჭს, ეს მესიჯი უნდა იყოს “ნაციონალური მოძრაობისთვის”, რომ დედაქალაქში საზოგადოებას აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია როგორც მთლიანად მოძრაობის, ასევე ცალკეული სახეებისა და ლიდერების მიმართ”.
საკრებულოს წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გარდა თვითმმართველობის არჩევნებისა, თბილისის საკრებულოში მთავარი თემა იქნება თბილისის 2014 წლის ბიუჯეტი, რომლის პროექტი უკვე შეტანილია მერიის მიერ და რომელზეც უკვე გაკეთდა პირველი შეფასებები.
“ამ თემაზე ვრცლად მედიასთან კომენტარები უახლოეს პერიოდში გაკეთდება, იქამდე კი მოსახლეობისათვის საინტერესო საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. მერიის შემოთავაზებულ პროექტში არის ვაუჩერების გაცემის ინიციატივა. ამ თემაზე ჩვენ აუცილებლად გვექნება მსჯელობა მერიასთან, რადგან სხვა პრობლემებთან ერთად დედაქალაქში დგას კომუნალური პრობლემებიც. ამ მხრივაც უნდა ჩვენს მოქალაქეებს დახმარება და მოსაფიქრებელია ბევრად უფრო მოცულობითი და არაერთჯერადი ფორმა, ვიდრე ეს იყო გასულ წლებში”.
გაბუნიამ აღნიშნა, რომ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტმა უნდა იზრუნოს ისეთ საკითხებზე, რომელიც აქამდე ყურადღების მიღმა რჩებოდა.

































































