ამ საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით საგანელიძე გამოეხმაურადა აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები აუცილებლად ჰპოვებენ ასახვას საქართველოზე, ის ერთი წელი კი, პარაფირებიდან ძირითადი ხელშეკრულების ხელმოწერამდე, საკმაოდ რთული იქნება.
“უკრაინა რუსეთის სერიოზული ზეწოლის გამო იძულებული გახდა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაეხია. ცუდია, რომ უკრაინის ეკონომიკა ძირეულად დამოკიდებულია რუსულ ბაზარზე, მაგრამ მას პროგრესული ნაბიჯი უნდა გადაედგა. არავინ თქვას, რომ ეს პროცესები არ ახდენს გავლენას საქართველოზე. არაფერი შეგვიშლის ხელს 28-29 ნოემბერს პარაფირებაზე, მაგრამ ამ პროცესიდან ძირითად ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე გვაქვს ერთი წელი და სწორედ ეს ერთი წელის იქნება საკმაოდ მძიმე. რუსეთი შეიძლება უფრო მეტად შეეცადოს საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავებას, რაც ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება”.
ექსპერტი სერგი კაპანაძეც მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო პარაფირებას მოახდენს, რუსეთი გააქტიურდება, თუმცა მისი შეხედულებით ისეთი ძლიერი ბერკეტები არ აქვს საქართველოს მიმართ, როგორსაც გამოიყენებს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეცვალოს ევროპისკენ მიმავალი გეზი.
“მას შემდეგ, რაც მოვახდენთ პარაფირებას, რუსეთი გაააქტიურებს ჩვენზე ზეწოლას, რადგან უკვე ღიად დააფიქსირეს, რომ ქვეყანა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით აპირებს ევროპასთან დაახლოებას, არასწორ გზას ადგას კრემლისთვის. რა სახის ზეწოლას გამოიყენებს რუსეთი ძნელია ამის თქმა, საქართველომ მის მიერ გამოყენებული ყველა ბერკეტი იწვნია თავის თავზე. მაგრამ ერთია, რომ რუსეთს არ აქვს ჩვენს წინააღმდეგ ისეთი ბერკეტები, რაც აქვს უკრაინასთან, სომხეთთან, მოლდოვასთან მიმართებაში. თუმცა, რუსეთს აქვს ნეგატიური სახის ბერკეტი, რომელიც ძირითადად ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება. მაგრამ ერთია, რუსეთმა რა ტიპის ბერკეტებიც არ უნდა გამოიყენოს, ევროინტეგრაციის გზას არ უნდა გადაუხვიოს საქართველომ”.
თუ რა ბერკეტები შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, ამაზე, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი საგარეო პლიტიკის საკითხებში ვანო მაჭავარიანი აცხადებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად უშიშროების საბჭო მუშაობს და სხვადასხვა სცენარებს იხილავს.
“უშიშროების ახალი საბჭო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობს სცენარების სხვადასხვა განვითარებაზე. რა ბერკეტები შეიძლება არსებობდეს რუსეთის ხელში. მაქსიმალური ყურადღება ექცევა გარემოს დამშვიდებასა და დაძაბულობის მოხსნას. რუსეთს ეს სიგნალი საკმაოდ კარგად აქვს აღქმული, რადგან მისთვისაც მნიშვნელოვანია და არ უნდა, ევროპასთან მუდმივად დაძაბულ რეჟიმში იყოს. უკრაინის მაგალითი ძალიან რთული მაგალითია და საქართველოს მაგალითი ამ თვალსაზრისით უფრო მეტ საშუალებას გვაძლევს იმ გეოპოლიტიკური თუ სხვა კუთხის გათვალისწინებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რისკები არ არის. შემდგომი ერთი წელი იქნება საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი. ეს გზა განვლეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც. რუსეთი არის საფრთხე, მაგრამ უნდა გამოიძებნოს პრობლემის გადასაჭრელი გზები.”
საქართველოს პარაფირებიდან ძირითად ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე მხარდაჭერის იმედს აძლევს ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე.
“საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება სულ მცირე, მომავალი წლის სექტემბრის ბოლომდე არ მოხდება, მაგრამ რაც უფრო ახლოს მივა საქართველო ევროკავშირთან, მით უფრო უკეთესად შევძლებთ ჩვენ მის დაცვას. ევროკავშირი აგრძელებს რუსეთთან დიალოგს, რათა განვუმარტოთ მას, თუ რა ბენეფიტები მოაქვს აღმოსავლეთ პარტნიორიობის ქვეყნებისთვის ევროკავშირთან ურთიერთობას. რაც შეეხება ექს–პრემიერ იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების მსგავსი პროცესის განხორციელებას საქართველოში, ეს ორი სხვადასხვა ქვეყანაა და ქოფი-ფეისთს ადგილი არ ექნება”.
პარაფირების შემდეგ მხარდაჭერა და მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა საქართველოს პრეზიდენტს საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ნიკოლ ბრიკსმა და განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას.
“საფრანგეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს იმ გზაზე, რომელიც ერთწლიან პერიოდს მოიცავს – ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე. ჩვენ ვაღრმავებთ ეკონომიკურ ურთიერთობას ქართულ მხარესთან, ამას მიანიშნებს ფრანგული კომპანიების ინტერესი იმ სფეროების მიმართ, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ვითარდება”.




































































