მისი განცხადებით, არც პირადად და არც კომისია პოლიტიზერებული არ ყოფილა.
“არ ვეთანხმები აზრს, რომ კომისია პოლიტიზირებული იყო. იყვნენ კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მაგრამ ისინი არ იყვნენ დომინანტები. ყველამ კარგად იცის ჩემი მუშაობის შესახებ. მე პატიმრების მიმართ არასდროს მქონია პოლიტიკური შეხედულება და ამას დაადასტურებს სოზარ სუბარიც, ზვიად ძიძიგურიც, პაატა ზაქარეიშვილიც, რომელიც მაშინ კომიტეტის აპარატის უფროსი იყო და კიდევ ბევრი სხვა“.
ელენე თევდორაძე კომისიის ახალ დაკომპლექტებასაც შეეხო და განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ არ იქნა შეყვანილი კომისიაში ეკა ბესელია, რომელთანაც ძალიან ბევრი პატიმრის მშობლები დადიან და კარგად ერკვევა ამ სფეროში.
“კომისიის შემადგენლობაში ეკა ბესელია რომ არ არის შეყვანილი, არასწორია. მე ვიცი, რომ ეკასთან ბევრი პატიმრის მშობელი დადის, ხშირად გამოუგზავნია ჩვენთანაც შუამდგომლობა, დარწმუნებული ვარ ასე იქნება ახლაც. კომისიაში უნდა ყოფილიყო უმრავლესობის წევრიც და უმცირესობისაც, ასე დაბალანსდებოდა ძალები. უნდა ყოფილიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ახლოს იცნობენ ადამიანის უფლებებს და აქვთ გამოცდილება ამ სფეროში“.