“აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე, საქართველოს ახალი პრეზიდენტი დააფიქსირებს ქვეყნის ევროპულ არჩევანს. ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია ჩემი ქვეყნისთვის. ბოლო წლის განმავლობაში, საქართველომ, ყველა სიძნელის მიუხედავად, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების კუთხით. საქართველოს არჩევანი როგორც იდეოლოგიური, ასევე პრაგმატულია. საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის მშვიდობიან და აყვავებულ რეგიონში არ არსებობს სხვა ალტერნატივა, გარდა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა”, _ წერს მაია ფანჯიკიძე.
“იმ დროს, როდესაც რუსული შეიარაღებული ძალები მავთულხლართებისა და ბარიერების აღმართვით ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, საქართველოს მისწრაფება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით როგორც არასდროს ისე ძლიერდება”, _ აღნიშნულია სტატიაში.
მაია ფანჯიკიძე სტატიაში საუბრობს საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებზე: “ერთი თვის წინ, ჩემმა ქვეყანამ გაირა დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი, ჩაატარა არჩევნები, რომელიც შეფასდა როგორც თავისუფალი და სამართლიანი. მთლიანად ეს იყო სწრაფი, ღრმა და ყოვლისმომცველი დემოკრატიული რეფორმების წელი. ქართველმა ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის პროდასავლური ორიენტაციის პარტიებს უჭერს მხარს. ჩვენ გვსურს ხელი მოვაწეროთ 2014 წლის სექტემბერში ასოცირების შესახებ შეთანხმებას. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ევროპულ ფასეულობებს და გავაგრძელებთ რეფორმების პროცესს, რათა გავაძლიეროთ დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემა, ასევე ხელი შევუწყოთ ინვესტიციებს, ეკონომიკურ ზრდას და სოციალურ კეთილდღეობას.”
“დემოკრატიული და წარმატებული საქართველო საუკუთესო იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ომის შედეგად გაყოფილი ხალხის ჩათვლით. ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მტკიცედ ინტეგრირებულ ძლიერ და სტაბილურ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონის სტაბილურობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში”.
“ვილნიუსიდან გზას მივყავართ თბილისისკენ – თავისუფალი, დემოკრატიული, გაერთიანებული, ევროპული ნაციის დედაქალაქისკენ”.