ინფორმაცია ზურაბ ვარდიძის დაკავების შესახებ 27 ნოემბერს გავრცელდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს განმარტებით ვარდიძემ სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა, თუმცა კონკრეტულად რაში გამოიხატა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ამის შესახებ სამინისტრო არაფერს ამბობს.
“გურია ნიუსის” წყაროს მტკიცებით, ზურაბ ვარდიძე უდანაშაულოა. მას სხვების მიერ ჩადენილი დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას აიძულებენ.
“ზურა უაღრესად პატიოსანი ადამიანია, უბრალოდ სხვისი ბრძანება შეასრულა. კონკრეტულად სოზარ სუბარის და მისი ბიძაშვილი მირზა სუბელიანის, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროში გენინსპექციას ხელმძღვანელობს. სწორედ სოზარის ბრძანებით 10 აგვისტოს და 14 ოქტომბერს ერთმანეთთან დაპირისპირებული სამი არასრულწლოვანი პატიმარი შესარიგებლად კანონიერ ქურდ “ტარასასთან”-ტარიელ ფოცხვერიასთან “რესბალნიცაზე” გაიყვანეს და ამით ციხეში კონფლიქტი განიმუხტა. სამაგიეროდ ქურდებმა ქსნის ციხეში, პრეზიდენტ მარგველაშვილის ინაუგურაციის დღეს ერთ-ერთი პატიმრის „სკაიპით“ ქურდად მონათვლა მოითხოვეს, რაც წარმატებით განხორციელდა. მათ ჰქონდათ ლეპტოპი, ინტერნეტთან წვდომა და დაახლოებით ერთსაათიანი ვიდეოკონფერენცია უცხოეთში მცხოვრებ ქურდებთან. ამჟამად მდგომარეობა ასეთია:იმის გამო, რომ ინფორმაციამ გაჟონა, სოზარი შიშობს, რომ ღარიბაშვილი ამას არ აპატიებს. დამნაშავედ გამოჰყავთ ზურა ვარდიძე, რომელსაც სოზარის ბიძიაშვილი მირზა სუბელიანი აპატიმრებს.”
“გურია ნიუსი” ზურაბ ვარდიძის ადვოკატ კახაბერ მათოშვილს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
“გამომდინარე იქიდან , რომ ბრალდებული არ ცნობს თავს დამნაშავედ და საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, გარდა ამისა არ არის მტკიცებულება იმისა რომ მან უკვე მოახდინა რომელიმე მოწმეზე ზეწოლა, ასევე აქვს უმწიკვლო წარსული, არ არის ნასამართლევი, სწორედ ეს მაძლევდა იმის საფუძველს, რომ მომეთხოვა მისი ატიმრობიდან გათავისუფლება. ვარდიძე თანამშრომლობს გამოძიებასთან, თავადაც დაინტერესებულია სიმართლის გარკვევით და არსად არ აპირებს მიმალვას. სხვა დეტალებს ვერ გეტყვით ამ ეტაპზე”.
“გურია ნიიუსი” კომენტარისთვის სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ირაკლი კორძაიას დაუკავშირდა.
“ქურდის სკაიპით მონათვლაზე არანაირი კომენტარი არ იქნება. ბოდვებზე კომენტარს არ ვაკეთებ”, _ გვითხრა კორძაიამ.