ქართველი ჯარისკაცები სწავლებას “რეგიონალური საბრძოლო სკოლის“ (Regional Corps Battle school-RCBS) ინსტრუქტორებთან ერთად ატარებენ. საბრძოლო მომზადება ავღანური არმიის ბაზა “შორაბაკზე“ მიმდინარეობს.
“რეგიონალური საბრძოლო სკოლის” სასწავლო გეგმის მიხედვით, ამერიკელი, ბრიტანელი და ქართველი ინსტრუქტორები ავღანელ ჯარისკაცებს სხვადასხვა სამხედრო დისციპლინებში წვრთნიან. რამოდენიმე კვირიანი სავალდებულო კურსების დროს ავღანელი ჯარისკაცები ისეთ საკითხებს გადიან, როგორიცაა ქვეითთა საბრძოლო უნარ-ჩვევები, შეიარაღების სისტემები, კავშირგაბმულობა, ტოპოგრაფია, ლოგისტიკა, საცეცხლე მომზადება, პირველადი სამედიცინო დახმარება და სხვა. მოწინავე კურსებზე ხდება გამორჩეული ჯარისკაცების შერჩევა, რომლებიც მომავალში თავად გახდებიან ინსტრუქტორები და დამოუკიდებლად მოამზადებენ ავღანეთის ეროვნული არმიის მომავალ სამხედრო მოსამსახურეებს. გარდა ამისა, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სწავლებების დროს მწვრთნელებისა და სამხედრო საველე ჰოსპიტლის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფენ.
“რეგიონალური საბრძოლო სკოლა” ოფიციალურად 2013 წლის 26 სექტემბრის შემდეგ ოპერირებს. უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები საქართველოსა და ავღანეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სექტემბერში გაიმართა, რის შემდეგაც ავღანური სამხედრო ძალების წვრთნების პროცესში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთვნენ.