“მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ გადაუდებელი საჭიროება, მიიღონ იუსტიციის სახლის მომსახურება, შესაძლებლობა ექნებათ, რუსთავის იუსტიციის სახლის ფილიალითა და სერვისების განვითარების სააგენტოს მცხეთის ფილიალის მომსახურებით ისარგებლონ. დღეს ორივე ფილიალი საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.
მოქალაქეებს, რომლებსაც კონკრეტულად 4 დეკემბერს უწევდათ პასპორტის ან პირადობის მოწმობის მიღება (არა უფრო ადრე ან უფრო გვიან), დოკუმენტების მისაღებად დღეს 15.00 საათიდან უნდა მიმართონ იუსტიციის სახლის გვერდით, დედაენის ბაღში მდებარე “ოფის-ცენტრს”.
იუსტიციის სახლში ამ დროისათვის მუშაობენ ექსპერტები, ასევე, ის იტალიური სამშენებლო კომპანია, რომელმაც სახურავი გააკეთა. სპეციალისტები აფასებენ დაზიანების ხარისხს და იმ საფრთხეებს, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს სახურავის გარე დაზიანებამ სახურავის ნაწილზე შენობის შიგნით. ამასთან, შეფასდება, რა დრო სჭირდება ამ დაზიანების აღმოფხვრას.
იუსტიციის სახლი ნებისმიერი სიახლის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საზოგადოებას. თბილისის იუსტიციის სახლი სერვისების გაცემას განაახლებს, როგორც კი დადასტურებულად იქნება ცნობილი, რომ არც მოქალაქეების და არც სერვისების გამცემი თანამშრომლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას პრობლემა არ შეექმნება,” _ ნათქვამია განცხადებაში.