ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლაშა ხუციშვილმა და სს “ლიბერთი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი არველაძემ. ცერემონიას დაესწრო საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
აღნიშნული უფლება 3 წლის ვადით სს “ლიბერთი ბანკმა” მოიპოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების გზით.
“გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მათ ადგილზე შეეძლოთ თანხების გადახდა, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტში. შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში საუკეთესო პირობები წარმოადგინა სს “ლიბერთი ბანკმა” და ტენდერის შესაბამისად, მომავალი სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებას მოემსახურება “ლიბერთი ბანკი.” იმედია, რომ ისინი თავს გაართმევენ თავის ვალდებულებას და კარგ მომსახურებას შესთავაზებენ გადამხდელებს”, _ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
“აუქციონის შედეგების თანახმად, “ლიბერთი ბანკმა” შემოგვთავაზა ყველაზე მაღალი თანხა აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის – ყოველწლიურად 912 ათასი ლარი, რომელიც 2-ჯერ აღემატება დღეს გადასახდელ თანხას”, _ განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლაშა ხუციშვილმა.
“ლიბერთი ბანკი” საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებს 33 ახალ წერტილში მოემსახურება. ეს წერტილები მოიცავს, როგორც გაფორმების ეკონომიკურ ზონებს, ასევე ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტს. შესაბამისად, შევეცდებით, რომ მომხმარებლებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი”, _ განაცხადა სს “ლიბერთი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ.
სსიპ შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე სს “ლიბერთი ბანკის” მომსახურების ცენტრები ფუნქციონირებას 2014 წლის 1 იანვრიდან დაიწყებენ.
ფინანსთა სამინისტროსა და კერძო ბანკებს შორის აქტიური თანამშრომლობა მიზნად ისახავს, გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესებას, მათთვის გადასახადის გადახდის კომფორტული პირობების უზრუნველყოფას.