“თქვენ ძალიან არასერიოზული ინფორმაციის წყარო გყავთ, თუკი გარწმუნებთ, რომ მე თანამდებობას დამატოვებინებენ. ამ შემთხვევაში სერიოზული წყარო ვარ მე: ანუ მე თუ გადავწყვეტ მივდივარ, წავალ. თუ დარჩენას გადავწყვეტ, დავრჩები და პრემიერ- მინისტრი , რომელიც თუ გადაწყვეტს რომ გამიშვას , წავალ. ორივე შემთხვევაში ჩემი და პრემიერ-მინისტრის აზრი ემთხვევა ერთმანეთს – მე ვრჩები.”
სოზარ სუბარი აღიარებს, რომ სისტემაში პრობლემები იყო და სამსახური იმ ადამიანებმა დატოვეს, რომლებიც ეფექტური მართვისთვის არ გამოდგნენ. რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მიხეილ ღურწკაიამ.
“გურია ნიუსის” კითხვაზე რატომ გაუშვეს სისტემიდან ერთ დროს წარმატებული საჯარო მოხელე, სუბარმა განაცხადა: “ახალ ეტაპს სჭირდება ახალი ადამიანები და ახალი მიდგომები”.
უკავშირდება თუ არა ღურწკაიას გათავისუფლება 27 ნოემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მართვის სამმართველოს უფროს ზურაბ ვარდიძის დაკავებას, ამაზე კომენტარს არც სუბარი აკეთებს და არც ღურწკაია.
“დღეისთვის სასჯელაღსრულების სამინისტროდან წასული ვარ. მიზეზი არ ვიცი, ეტყობა სისტემას ახალი სისხლი სჭირდება, მე კი ასეთი სისხლი არ მაქვს. ხან ასეა, ხან ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან, ისე იქნება”, _ ამბობს ღურწკაია “გურია ნიუსთან”.
მისივე მტკიცებით, სამსახურიდან მისი გაშვება არ უკავშირდება მის მიერ დანაშაულის ან კანონის დარღვევის ფაქტს. მას არ სურს საუბარი ზურაბ ვარდიძის შესახებ, რომელსაც გამოძიება არასრულწლოვნების ეწ “კანონიერ ქურდებთან” შეხვედრის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, რამდენიმე დღეში თანამდებობებს დაატოვებინებენ ციხეების დირექტორებს, მათ შორის პიირველ რიგში არასრულოვანთა დაწესებულების ხელმძღვანელს. ამ ინფორმაციას სუბარიც ადასტურებს.