უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხს განათლებისა და კულტურის კომიტეტი შეისწავლის.
“უშიკიშვილის სახით საქართველოს ჰყავს ძალიან კარგი ლოტბარი, კარგი მომღერალი, დიდებული ხელოვანი. მას როგორც პიროვნებას და პროფესიონალს, უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ კონკრეტულ თანამდებობაზე მისი მუშაობა, ალბათ, კულტურის სამინისტროს გადასაწყვეტია. დარწმუნებული ვარ, ამ თემით განათლებისა და კულტურის კომიტეტი დაინტერესდება და შეისწავლის,” _ განაცხადა საგანელიძემ.
უშიკიშვილის გათავისუფლებაზე ისაუბრა უმცირესობის წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმაც და აღნიშნა, რომ თვითონ, როგორც პროფესიით ფილოლოგ-ფოლკლორისტი კარგად ხედავს უშიკიშვილის მიერ გაკეთებულ საქმეებს. მისი თქმით, საჭიროა ხელისუფლებამ ამ საკითხზე ცალკე განმარტებები გააკეთოს.
“ჩვენ უკვე წლებია ვმეგობრობთ და ჩემს შეფასებაში არის სუბიექტიზმის გარკვეული ნაწილი, მაგრამ როგორ შეიძლება ვერ დაინახო ამ ადამიანის ღვაწლი ქართული ფოლკლორის განვითარებაში, გიორგი დაუღალავად შრომობდა, ვის არ აწუხებდა, სად არ დადიოდა. მან მოახერხა და გაიზარდა ცენტრის დაფინანსება, რომლითაც მოხდა ფოლკლორის ცენტრის მთლიანად აღჭურვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მის გათავისუფლებაში არის რაღაც პირადული და ვთვლი, რომ უშიკიშვილმა სიმართლე თქვა. ხელისუფლება ცალკე განცხადებებს უნდა აკეთებდეს ამ საკითხთან დაკავშირებით,” _ აღნიშნა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით თანამდებობიდან გუშინ გადააყენეს. მისი გათავისუფლების მიზეზად აუდიტის სამსახურის დასკვნა სახელდება.