“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აღნიშნავს, რომ შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით რჩება შეხედულება-მავანთ და მავანთ სურთ ამ თემის წამოწევა და ქურდული სამყაროს რეანიაცია. მისი თქმით ციხე სათუთი თემაა და ყველა საკითხის გადაწყვეტა ზედმეტი ლიბერალიზაციის გარეშე უნდა ხდებოდეს, თუმცა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლი მართლაც დასახვეწია.
“223-ე პრიმა მუხლში მართლაც არის რაღაცეები დასახვეწი. ამ მუხლის გაუქმება, მოშიმშილე პატიმრების სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებას გულისხმობს. ხოლო, თუკი ჩვენ მივიღებთ იმ სურათს, რომ ყველას ფართოდ გავუღეთ ციხის კარები, ეს ქვეყანა დაემსგავსება სრულ ბარდაგს. ამ დროისთვის ციხეებში მყოფი პატიმრების რიცხვი განახევრდა, ძალადობა აღარ არის, იქმნება ოთხი ტიპის დაწესებულება – ღია, დახურული, მკაცრი და ნახევრად მკაცრი დაწესებულებები, რომლებშიც პატიმრებს უფრო მეტი უფლებები გააჩნიათ. აშკარად ჩანს, რომ ვიღაცას ქურდული სამყაროს რეანიმირება უნდა, მაგრამ ზედმეტი ლიბერალიზმი ჩვენ ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. ციხე არის საკმაოდ სათუთი და ფაქიზი თემა.”
მჟავანაძის განცხადებით, ხშირია ისეთი მდგომარეობა, როცა არასწორად ხდება პატიმართა მოთხოვნების ინტერპრეტაცია და პირიქით, ციხეში შესატანი ინფორმაციის მიწოდება. მისი თქმით, აუცილებელია კომუნიკაციის არსებობა და მონიტორინგის ჯგუფის შექმნა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხის გადახედვა არ იგეგმება და არც მომავლში მოხდება მათი გადახედვა. ფოფხაძე ამბობს, რომ ამ მუხლის ამოღებას პატიმართა მხოლოდ მცირე ნაწილი ითხოვს, უმრავლესობა კი საქმეების არსებით გადახედვას მოითხოვს. ფოფხაძის განცხადებით, გეგუთის ციხეში შიმშილობის აქცია შეწყდება.
“გეგუთის ციხეში ეკა ბესელიასთან ერთად ვიყავი. ეკასა და პატიმრებს შორის შეთანხმება შედგა და გეგუთში შიმშილობის აქცია შეწყდა. რთულად დგას კომუნიკაციის საკითხი. პატიმრებამდე სწორად არ იყო მიტანილი ინფორმაცია ხარვეზების კომისიის საკითხთან დაკავშირებით. ახლა უკვე პატირებმა იციან, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ალტერნატიულ გზებზე, რათა გადახედილ იქნას მათი საქმეები. კარგი იქნება და პირადად მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს თუ ციხეში საზოგადოებრივი მონიტორინგი დაწესდება და მეტი გამჭვირვალობა იქნება”.
პენიტენციალურ სისტემაში საზოგადებრივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ის ამ საკითხის გადაწყვეტაში ყოველგვარ “თუ”-ს გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამ ჯგუფის შექმნა თავად მთავრობას უნდა უნდოდეს, რათა ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და ადგილი არ ჰქონდეს ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკას. ლორთქიფანიძის თქმით ეს საკითხი ადრე აქტიურად განიხილებოდა სოზარ სუბარის მხრიდან, დღეს კი მისი შექმნის პერსპექტივაც არ ჩანს.
“მე, როგორც უფლებადამცველი, მოვუწოდებ ხელისუფლებას, აუცილებლად დააყენოს საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის ჩამოყალიბების საკითხი, რომელიც თავის დროზე აქტიურად განიხილებოდა სოზარ სუბარის მხრიდან, დღეს კი მისი შექმნის პერსპექტივაც არ ჩანს. აღნიშნული ჯგუფი საზოგადოებას მიაწვდის რეალურ ინფორმაციას – რა ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რათა არ მოხდეს საბოტაჟი ადგილებზე და არ მოხდეს ხელისუფლების უსაგნო კრიტიკა. დღევანდელი მდგომარეობა კი არ იძლევა იმის საშუალებას, გავერკვეთ – ვის დავუჯეროთ, სასჯელაღსრულების სამინისტროს – თუ პატიმრებს?”
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას ინფორმაციით კი, აუცილებლად შეიქმნება სამუშაო ჯუფი, რომლებიც პატიმართა პრობლემებს ინდივიდულაურად შეისწავლიან. გეგუთის ციხეში შიმშილობის შეწყვეტას ბესელიაც ადასტურებს და აცხადებს, რომ ახლა უკვე შესაძლებელია იმ რეჟიმზე გადასვლა, როდესაც ინდივიდუალურად მოხდება მუშაობა პატიმართა პრობლემებზე.