“საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების სრულყოფისა და საპროექტო დოკუმენტაციაში გარემოს შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად ასახვის მიზნით გეგმავს ცვლილებების და დამატებების შეტანას “გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში.
ამასთანავე, განაცხადში აღნიშნულია, რომ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და წინადადებები სამინისტროს დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა მიაწოდონ 2014 წლის 6 იანვრამდე.
მოგახსენებთ, რომ “გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ” დებულებაში აღნიშნული ცვლილებების პროექტის მომზადებამდე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებულ სხვადასხვა საქმიანობისათვის შემუშავებული იქნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების მომზადებისათვის საჭირო სექტორული გზამკვლევები.
როგორც ეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაში და სამინისტროს წლიურ ანგარიშშია მოცემული აღნიშნული გზამკვლევები (ჰიდროელექტროსადგურის (2 და მეტი მგვტ) მშენებლობა; ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა; ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საცავის განთავსება; ცემენტისა და ასფალტის წარმოება; საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა; ნარჩენების განთავსება) შემუშავდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების გაუმჯობესების მიზნით. ამასთანავე, სამინისტროს ანგარიშში მითითებულია, რომ “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების მიზნით განხორციელდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების ანალიზი.” მიმდინარე საქმიანობის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, საზოგადოების და ყველა დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურ ჩართულობას გზშ-ს პროცედურებში და გარემოსდაცვითი საკითხების უკეთ გათვალისწინებაში.”
იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ზემოაღნიშნულ დებულებასა და სექტორულ გზამკვლევებში მითითებული საქმიანობების სრული ჩამონათვალი, ჩვენი აზრით, წარმოადგენს საქართველოს მთავრობის და არა მარტო ამ შემთხვევაში ერთი დარგობრივი სამინისტროს _ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრეროგატივას (რომლის კომპეტენციას აღნიშნული საკითხები აშკარად სცილდება), ამ პროცესს უნდა ხელმძღვანელობდეს საქართველოს მთავრობაში შექმნილი დარგობრივი სამინისტროების მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო კომისია.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, სექტორული გზამკვლევების შემუშავების პროცესში არ ყოფილა ჩართული არც ერთი დარგობრივი სამინისტრო (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის, შრომის. სოც. უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის), საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, დეველოპერი კომპანიები, როგორც დაინტერესებული მხარე და ასევე არც ერთი ცნობილი ქართული სპეციალიზირებული საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც ნდობის მაღალი ხარისხი გააჩნია და ჩახედულია როგორც განვითარებადი ქვეყნების რეალობაში, ისე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის რეალისტურ მოთხოვნებში.
შესაბამისად, ამ დოკუმენტების შემუშავების პროცესში არ ყოფილა უზრუნველყოფილი სათანადო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მქონე დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამ დოკუმენტის შემუშავების ადრეულ ეტაპზეც, 2013 წლის 15 მაისამდე უამრავი კომპეტენტური დაინტერესებული მხარე, ან ფიზიკური პირები არ იყვნენ ინფორმირებულები და შესაბამისად, ჩართულები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ “გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შემუშავებაში. აქვე დავსძენთ, რომ ამ დოკუმენტმა უკვე შეუქმნა სერიოზული პრობლემები ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, საინვესტიციო კლიმატს და ა. შ.
საგულისხმო და ამასთანავე საგანგაშო ის ფაქტი, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ცვლილებები და დამატებები “გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში მოიცავს ისეთ ახალ ვალდებულებებს, რომლებიც პრაქტიკულად შეუსრულებადია საქართველოს და არა მარტო საქართველოს, არამედ ევროკავშირის ქვეყნების რეალობაში. სახელდობრ: “მუხლი 6”.
1.სამინისტროში საჯარო (წინასწარი) განხილვის ან/და ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროში წარდგენილ განაცხადში, წინასაპროექტო დამასაბუთებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგებს, ჩამოყალიბებულს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის სახით.
2. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგს:
“მ) დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასებას მათ შორის საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული სარგებლისა და მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შეფასებას;
ნ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანის საკომპენსაციოდ და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებებისათვის განსაზღვრულ ადეკვატურ საკომპენსაციო თანხებს, გამოხატულს ეროვნულ ვალუტაში;
ო) გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებისა და თავიდან აცილების გზებს, საჭიროების შემთხვევაში, საკომპენსაციო ღონისძიებების განსაზღვრას;
ტ) საქმიანობის განხორციელებისა და მიმდინარეობის ეტაპისათვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმების შემუშავებას, სადაც გათვალისწინებული იქნება გარემოსდაცვითი უსაფრთხოების თვითმონიტორინგის პროგრამა.“
ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ ზემოთ მოცემულ ორი მაღალი საფრთხისა და რისკის შემცველ სავალდებულო მოთხოვნას (მუხლი 2, პუნქტები მ) და ნ)), პრაქტიკულად შეუძლია გააჩეროს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის მომავალში დაგეგმილი ყველა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი და ვერ იქნას მოპოვებული შესაბამისი დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. მუხლების მოთხოვნების შესრულება საჭიროებს დეტალურ მეთოდოლოგიას, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს არა აქვს შემუშავებული.
წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი იქნება სუბიექტივიზმის ალბათობა. სტატისტიკური მონაცემების არარსებობა, ხშირ შემთხვევაში მონეტარიზაციის შეუძლებლობა და მრავალი სხვა ობიექტური გარემოებები (ამის შესახებ დიდი ოდენობის კვლევებია უცხოურ სამეცნიერო პერიოდიკაში) ქმნის საშიშროებას, რომ ქვეყანაში გაჩერდეს პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის დაგეგმილი პროექტი.
ასეთი მიდგომების გამოყენების შედეგად (როცა არ არსებობს ქვეყანაში დადგენილი, დამტკიცებული სათანადო “დანახარჯი-სარგებელიანობის ანალიზის” მეთოდოლოგია), მცირე და საშუალო პროექტებში, შეფასებების დროს, მეტად დიდია სუბიექტივიზმის და ვოლუნტარიზმის საფრთხე, რაც აშკარაა, რომ მაღალი ალბათობით ქმნის კორუფციის გაჩენის დიდ საშიშროებას.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული მეთოდოლოგიები არ არის რეგლამენტირებული ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და არ არის მითითებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სავალდებულო მოთხოვნებში, რომლებიც მოცემულია მათ გარემოს დაცვისა და სოციალური პოლიტიკის დოკუმენტებში. ამასთანავე ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სავალდებულო მოთხოვნები შედგენილია ევროკავშირის დირექტივებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და ამასთანავე ითვალისწინებს განვითარებადი ქვეყნების რეალობასაც.
ჩვენთვის უცნობია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების პოზიცია აღნიშნულ დებულებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს მათ მიერ დაგეგმილი პროექტების განვითარების პერსპექტივები.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად და გადაუდებლად მიგვაჩნია ზემოაღნიშნული საკითხების აქტუალობის გათვალისწინებით, ჩატარდეს სამთავრობო განხილვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სადაც სტუმრის სტატუსით მიწვეულნი იქნებიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, მსოფლიo ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და სხვ.). მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განხილვა ქვეყანას ააცილებს გაუაზრებელი ან შეგნებულად დაგეგმილი საეჭვო რეგულაციების მიღების საფრთხეს, რომელმაც შესაძლოა უკიდურესად გააუარესოს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით შეუქცევადი პროცესების დაწყებას გამოიწვევს.
საქართველოს განვითარების უახლესი ისტორიიდან კარგად გვახსოვს ანალოგიური მცდელობები, როდესაც გარკვეული ჯგუფები: სამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები პირადაპირ ახდენდნენ ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი პროექტების როგორიც იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ტორპედირებას, მათი ეს ქმედებები პირდაპირ რეზონანსში მოდიოდა ამ სტრატეგიული პროექტების მიმართ მტრულად განწყობილი ზოგიერთი ქვეყნის მთავრობის განცხადებებთან თუ ქმედებებთან.” _ აღნიშნულია პრემიერის სახელზე გაგზავნილ წერილში.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით “გურია ნიუსმა” უკვე მიმართა კითხვებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და მათ პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.