“მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი საოლქო პროკურორის როლანდ ახალაიას განცხადება, თითქოს საოლქო პროკურორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სამეგრელოში მოღვაწე ბიზნესმენებმა ანაკლიის სანაპიროზე საპატრიარქოს მშენებლობისთვის ნებაყოფლობით, კანონიერად ჩარიცხეს თანხები შპს “სანის” ანგარიშზე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ როლანდ ახალაიასთან დაახლოებული პირის კუთვნილ შპს “სანის” ანგარიშზე მნიშვნელოვანი თანხები ჩარიცხული იქნა არა ნებაყოფლობით, არამედ როლანდ ახალაიას პირადი დაინტერესებით, შპს “სანის” მიერ სარგებლის მიღების მიზნით, პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების წარმომადგენლებთან საპროცესო შეთანხმების მიღწევის სანაცვლოდ, რასაც უშუალოდ როლანდ ახალაია ახორციელებდა. ჩარიცხული თანხები შპს “სანის” მიერ გახარჯულ იქნა საკუთარი კერძო ინტერესებისთვის და არა საპატრიარქოს რეზიდენციის ასაშენებლად.
ამდენად, როლანდ ახალაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თანხების ჩარიცხვა მოხდა ნებაყოფლობით და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, მოგონილია პასუხიმგებლობისგან თავის არიდების მიზნით,” _ ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.