მინისტრის სოზარ სუბარის გადაწყვეტილებით, სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი ნინო დოლიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
“გურია ნიუსთან” ნინო დოლიძე გათავისუფლების ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ სამინისტროში გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა: “უნარებში 75 ქულა ავიღე. პროფესიულში _ 78 ქულა. შედეგები ცუდი არ მქონდა _ ყველაზე მაღალი ქულები მივიღე. სტაჟი და გამოცდილება მაქვს. ოფიციალური ბრძანება გათავისუფლების შესახებ 5 დღეში უნდა ჩამბარდეს. საინტერესოა, გათავისუფლების მიზეზს რას დაწერენ?!”
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს ირაკლი კორძაიას საკუთარი თანამშრომლის ნინო დოლიძის მიმართ, გარკვეული პრეტენზიები რომ ჰქონდა, “გურია ნიუსმა” რამდენიმე თვის წინ, თავად სამმართველოს უფროსისგან შეიტყო. თუმცა, ახლა, როცა დოლიძის გათავისუფლების შესახებ კომენტარი ვთხოვეთ, სამმართველოს უფროსმა რამდენიმე თვის წინ ნათქვამი ვერ გაიხსენა და სავარაუდოდ, მასზე კონკრეტული უფლებამოსილებების დელეგირებით ახსნა:
_ ბატონო ირაკლი, რა იყო თქვენი სამმართველოს თანამშრომლის ნინო დოლიძის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი?
_ როგორც ჩანს, კონკრეტული მიზეზი იყო ის, რომ საკონკურსო პირობები არ დააკმაყოფილა. მე საკონკურსო კომისიის წევრი არ ვარ. ასე რომ, ამის შესახებ საკონკურსო კომისიას ჰკითხეთ.
_ რამდენიმე თვის წინ, როცა თქვენთან კონკრეტული ფაქტის შესახებ კომენტარისთვის დავრეკეთ, თქვით, რომ ნინო დოლიძისთვის აღარ მიგვემართა. “რაღაცა ცუდი ეჭვები არის მასზე“ – ასეთი იყო თქვენი შეფასება. იქნებ, დააკონკრეტოთ, რაში იყო შემჩნეული?
_ მე, თქვენთვის ასეთი რამე რომ მეთქვას, არ მახსოვს. უბრალოდ, ნინო დოლიძეს არ ჰქონდა, მასზე არ იყო დელეგირებული გარკვეული უფლებამოსილებები. ამიტომაც, მე ფუნქციები სხვა თანამშრომლებზე მქონდა განაწილებული.
_ მახსოვს და ჩანაწერიც გვაქვს.
_ თუ გახსოვთ, მაშინ გამოაქვეყნეთ.
ირაკლი კორძაიასთან მაშინ შემდგარი საუბარი თხოვნასაც შეიცავდა, სხვა ჟურნალისტებისთვისაც გადაგვეცა, რომ ნინო დოლიძე მედიასთან ურთიერთობას კარგა ხანია ჩამოცილებულია. ჩანაწერში, რომელიც ჩვენთან ინახება სიტყვასიტყვით ასეა ნათქვამი: “ერთი თხოვნა მაქვს შენთან და შენს კოლეგებთან _ ნინო ჩამოცილებულია მედიასთან ურთიერთობას კაი ხანია. რაღაცა ცუდი ეჭვები არის მასზე”.
ეს ჩანაწერი 2013 წლის 27 აგვისტოს არის გაკეთებული.