ბაღათურიას განცხადებით, ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და არც “ქართული ოცნება” და არც “ნაციონალური მოძრაობა” არ უნდა სარგებლობდნენ განსაკუთრებული პრივილეგიებით.
“ქართული დასის” ლიდერმა აღნიშნა, რომ საჭიროა ცვლილებები და ერთ-ერთ ასეთ ცვლილებად დაასახელა საარჩევნო კომისიაში მხოლოდ საარჩევნო სუბიექტის ერთი წარმომადგენლის ყოლა.
“ჩვენ უნდა დავიწყოთ ისეთი ცხოვრება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იყოს ნეირალური და თუნდაც შსს-მ, ან იუსტიციის სამინისტრომ თავის თავზე აიღოს არჩევნების ჩატარება. ამას დაემატება ისიც, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს ეყოლება თავისი წარმომადგენელი, სუბიექტს და არა პარტიას. ნარმანიაზე კოალიციაში შემავალი 6 პარტია მუშაობს, აქედან გამომდინარე მას ეყოლება 6 წარმომადგენელი, როცა სხვა სუბიექტს ეყოლება მხოლოდ ერთი. აი, ამიტომაა საჭირო მხოლოდ სუბიექტს ჰყავდეს წარმომადგენელი”.
ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ დღეს საღამოს 6 საათზე დაგეგმილია გასვლითი სესია კახეთში, სადაც შეიკრიბებიან პარლამენტის წარმომადგენლები და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე იქნება მსჯელობა საარჩევნო გარემოზე და საარჩენო კოდექსში შესატან ცვლილებებზე.
“ვიყავით ათი პარტია, დაგვემატა სალომე ზურაბიშვილის პარტია და გავხდით 11 პარტია. დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება პარლამენტის წევრებთან, თუ მთავრობას ექნება სურვილი დაესწრება ამ შეხვედრას, სადაც განხილული იქნება მთელი რიგი საჭირბოროტო საკითხები. დღეს არსებული ცუდი კანონის გამო ზოგიერთმა პარტიამ მოიპოვა უპირატესობა სხვებთან შედარებით. ჩვენი ამოცანაა შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელშიც ყველა სუბიექტი იქნება თანაბარ პირობებში. ბრძოლის მონაწილე სუბიექტები უნდა შევთანხმდეთ ბრძოლის წესებზე. გამარჯვება დამოკიდებული უნდა იყოს მხოლოდ ჭკუაზე და უნარზე”.
“ქართული დასისი” ლიდერის განცხადებით, საარჩევნო შემაჯამებელი კომისია უნდა დაკომპლექტდეს არა პოლიტიკური შეხედულებებით და გავლენით, არამედ პროფესიონალებით და მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ნეიტრალიზაცია და მიუკერძოებლობა.