“გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8 იანვარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფიქსირებულ იქნა ბოლნისის მუნიციპალიტეტში საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე (არქეოლოგიური ობიექტი) მიწის მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები.
ვინაიდან თქვენს კომპანიას არ გააჩნია საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დადებითი დასკვნა ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების თაობაზე და ამასთან არ განხორციელებულა ტერიტორიის სრულყოფილი შესწავლა, არქეოლოგიური ობიექტების დაზიანებისა და განადგურებისგან დაცვის მიზნით, სამინისტროს შესაბამისი დასკვნის მიღებამდე, გთხოვთ, დაუყონებლივ შეაჩეროთ მიმდინარე მიწის სამუშაოები.
ამასთან „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე და 29-ე მუხლების თანახმად, გთხოვთ უზრუნველყოთ ტერიტორიაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების დაშვება არქეოლოგიური ობიექტების მდგომარეობის შესწავლისა და ფოტოფიქსაციის მიზნით.
ამ გაფრთხილებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში თქვენს კომპანიას დაეკისრება ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილი წესით, ხოლო არქეოლოგიური ობიექტის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს ბრალეული პირის პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლით დადგენილი წესით”, _ აღნიშნულია გაფრთხილების ტექსტში.