“გამოცემა “გურია ნიუსმა” სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის დეკლარაცია ამჯერადაც არასწორად განმარტა. გამოცემა წერს, რომ სოზარ სუბარს იპოთეკური სესხის წინასწარი შენატანის სახით თანხა არ გადაუხდია და ამის შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.
აღნიშნული გამოცემის ჟურნალისტმა როგორც ჩანს არ იცის და არც შესაბამისი უწყებისთვის უკითხავს, რომ შემოსავალ-გასავალის შესახებ ინფორმაცია შემდგომ წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ფიქსირდება.
მოვუწოდებთ გამოცემას, დააზუსტოს ქონებრივი დეკლარაციის შევსების პრინციპი და ამის შემდეგ იმსჯელოს კონკრეტული თანამდებობის პირების შემოსავალ-გასავალის შესახებ.
რაც შეეხება სოზარ სუბარს, ის ბანკში ყოველთვიურად იხდის შესაბამის თანხას და ეს მომავალი წლის ქონებრივ დეკლარაციაში აისახება”, _ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
“გურია ნიუსი” იურისტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ სამინისტროს არგუმენტი სრული ბელეტრისტიკაა.
“ეგ სრული ბელეტრისტიკაა, მაგას განმარტებაც არ სჭირდება. კანონითაც და დეკლარაციითაც ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული საანგარიშო პერიოდი და ამ პერიოდისთვის ნებისმიერი ბრუნვა, შემოსავალი იქნება თუ გასავალი, ექვემდებარება ასახვას. დეკლარაციის არასწორად შევსების გამო ხალხი დაჯარიმებულიც არის წინა მოწვევის პარლამენტში. თუ სამინისტრო ამბობს, სოზარ სუბარის 2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში, ასახულია 2012 წლის ამბებიო, მაშინ საერთოდ რატომ მოხვდა ნაჩუქრობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებიც 2013 წლით თარიღდება? მაგ ხელშეკრულებების დადების მომენტისთვის შემოსავალი ან გასავალი თუ ჰქონდა, ის უნდა აისახოს. მაგალითად მაგ დეკლარაციაში აისახა 2013 წლით დათარიღებული ნაჩუქრობის ხელშეკრულება, ის ხომ რეალურად გასავალია და შესაბამის გრაფაში უნდა იყოს მითითებული? რა ლოგიკაა, ხელშეკრულების ნაწილში უნდა ასახოს და ფინანსურ ნაწილში გრაფა მომავალ წელს შეავსოს? ეს არის მხოლოდ თავის მართლების მცდელობა”, _ ამბობს ალაფიშვილი.