მისი თქმით, “იმის გამო, რომ: ბოლო პერიოდში მედიის ინტერესის სფეროში მოექცა ეს საკითხი, ორივე მხარე (“გურია ნიუსი” და სასჯელაღსრულების სამინისტრო)ცდილობს საკუთარი სიმართლე იპოვოს, არც ერთი მხარე ცდილობს რეესტრის მონაცემების მოშველიებას და ამასთან მინისტრის დეკლარაციაში არის აშკარა ხარვეზები,” იურისტი საჭიროდ თვლის საჯარო რეესტრის მონაცემების მოშველიებით ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილოს.
“1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით მინისტრს დაშვებული აქვს შეცდომა, რადგან რეალურად ს.ცინცაძის #49-ში მდებარე ბინა არის მინისტრის მეუღლის საკუთრება, შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულებაც (იპოთეკასთან ერთად) სწორედ მას აქვს გაფორმებული და არა მინისტრს. სხვათაშორის, დეკლარაციის მე-2 გვერდზე ამის შესახებ თვითონ მინისტრიც უთითებს. აღნიშნულის გათვალისწინებით დეკლარაციის მე-9 გვერდის ამ გრაფაში მინისტრის ნაცვლად მისი მეუღლე უნდა იყოს მითითებული.
2. ნებისმიერი ნასყიდობის პირობაა, რომ მყიდველმა გამყიდველს გადაუხადოს საფასური. განსახილველ შემთხვევაში ს.ცინცაძის #49-ში მდებარე ბინის საფასური მყიდველს, მინისტრის მეუღლეს უნდა გადაეხადა ფ/პ ნინა გემპისთვის, მითუმეტეს, რომ ეს ბინა ნაყიდია თითქმის ერთი წლის წინ. თუკი ბინის საფასური გადახდილია, მაშინ იგი ასახული უნდა იყოს კიდეც შესაბამის გრაფაში როგორც გასავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ნინა გემპისთვის მინისტრსა თუ მის მეუღლეს ბინის საფასურად ერთი თეთრიც კი არ აქვთ გადახდილი.
3. დეკლარაციაშიც აღნიშნულია და საჯაროდ გაცხადდა, რომ ბ.ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე ბინა მინისტრმა მის ძმას აჩუქა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კი (სამიოდ კვირის წინანდელი, 2013 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით) ამ ბინის მესაკუთრე ჯერ-ჯერობით კვლავ მინისტრია. ამასთან, გაჩუქების შემთხვევაში, გამჩუქებლისათვის ქონების გაჩუქების მატერიალური შედეგი არის გასავალი გაჩუქებული ქონება, ხოლო დასაჩუქრებულისთვის ეს არის შემოსავალი.
4. მინისტრის დეკლარაციის ამ გრაფაში მითითებულია, რომ სესხი აღებულია “ქართუ ბანკიდან”. კითხვას აჩენს ის გარემოება რომ მე-5 გვერდზე მინისტრს მითითებული აქვს, რომ მას და მის მეუღლეს მხოლოდ “თი-ბი-სი” ბანკში აქვთ ანგარიშები. გამოდის რომ ან ქართუ ბანკმა გასცა 140 000 აშშ დოლარი ნაღდ ფულად, ან ქართუ ბანკმა ეს თანხა გადაურიცხა მინისტრს ან მის მეუღლეს “თი-ბი-სი” ბანკში არსებულ ანგარიშებზე ან ქართუ ბანკმა ეს თანხა მინისტრს ან მის მეუღლეს კი არ გადასცა, არამედ ნინა გემპს გადასცა ან გადაურიცხა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ეს თანხა დეკლარაციაში გასავლად მაინც უნდა აღნიშნულიყო.
ჩემი მიზანი ან მისია არ არის ამ ხარვეზების სამართლებრივი შეფასება, ამისთვის არსებობს საჯარო სამსახურის ბიურო და სასამართლო. მე მათ შეცდომას, შესაძლოა, მისატევებელ შეცდომას ვუწოდებ,” _ წერს იურისტი ლევან არაფიშვილი სოციალურ ქსელში.
თანდართული დოკუმენტები:
ამავე თემაზე: