და სცდება ლანჩხუთის ფარგლებს. დაპირისპირებაში უკვე “ჩართეს” გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, უკვე ღიად გამოჩნდა მაჟორიტარი თემურ ჩხაიძე, რომელიც უმეტესად ფრაზას _ “არ ვერევის” იყენებდა მედიასთან კომენტარის დროს. დღეს ის უკვე აღარ მალავს, რომ ყველა საფეხბურთო ბატალიაში მონაწილეობდა და უბრალოდ, “ვერ გაიგო” რატომ სურდა “გურიას” პრეზიდენტობა კახა ებრალიძეს, რომელიც ამავდროულად გურიის რეგიონული ფედერაციის თავკაციცაა. თუმცა, გრფფ-ის ყველა პრეზიდენტი (იმედო დუნდუა, დურმიშხან ჩხაიძე და ბოლო დრომდე კახა ებრალიძე) პარალელურად იყო “გურიას” ერთ-ერთი დირექტორი, რაც ჩვენი კლუბისთვის დამატებითი პლუსი გახლდათ და კლუბის ლეგენდარულ კაპიტანიც არ იქნება “გურიასთვის” დამატებითი მხარდაჭერის წინააღმდეგი, მაგრამ, აშკარაა, რომ იგი გრფფ-ის თავკაცს უპირისპირდება.
თუმცა, მაჟორიტარისა და გრფფ-ის თავკაცის “დაპირისპირება” არაფერია იმასთან შედარებით, რომ პარლამენტარი ნებსით თუ უნებლიედ იმ “ომში” აღმოჩნდა, რომელიც გუბერნატორის წინააღმდეგ “არის გაჩაღებული”. საქმე იმაშია, რომ გიორგი ჩხაიძემ ლანჩხუთის ფეხბურთის მესვეურებთან შეხვედრაზე მხარეებს “გურიას” სამომავლო ხედვის წარმოდგენა მოთხოვა და უმწვრთნელოდ დარჩენილ კლუბს თემურ ლორიასთვის მოსმენა შესთავაზა. ანუ ამით გუბერნატორმა მიანიშნა, ფაქტობრივად, ჩამოყვანილი ორი მთავარი მწვრთნელისთვის 5 500 ლარის გადახდას, ჯობს ადგილობრივი კადრი დავასაქმოთ, რომელიც თანახმაა 1 500 ლარადაც იმუშაოს და შესაბამისი ლიცენზიაც აქვსო. ამის შემდეგ, თემურ ჩხაიძემ დავით მახარაძის მთავარ მწვრთნელად მობრუნებას დაუჭირა მხარი, რაც თავისთავად გუბერნატორის პოზიციას ეწინააღმდეგება.
უნდა ითქვას, რომ მაჟორიტარს თავის მართლებაც შეუძლია _ გუბერნატორთან შეხვედრას არ ესწრებოდა, თუმცა, თემურ ჩხაიძის სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს, თუ მას გუბერნატორის კონკრეტული “მესიჯები” არ მიაწოდეს, მით უმეტეს, ის საფეხბურთო თემაზე იყო გაკეთებული.
აქვე რეგიონის პირველკაცის ფინანსურ გზავნილებსაც გაგაცნობთ _ მან ოფიციოზს ფულის დაზოგვა მოთხოვა და ურჩია, ანტალიაში შეკრების მოწყობას ადგილზე მომზადება ჯობს და თანხის სხვაობა გრიგოლეთის ბაზას მოვახმაროთო. ამ კუთხით ერთი საინტერესო დეტალიცაა _ როგორც გვითხრეს, “გურიას” პირველ ეტაპზე გრიგოლეთში ყოფნა 40 000 ლარი დაუჯდა და გუბერნატორი, ალბათ, ამ მხრივაც შენიშვნას იტყვის _ აქაოდა, ეს ფული სასტუმროს ნაცვლად ისევ ბაზის კეთილდღეობას მოხმარებოდა და თუნდაც გუნდისთვის საკმარისი ოდენობის ოთახები გარემონტებულიყოო.
მას შემდეგ, რაც გუბერნატორმა “მესიჯები” დატოვა, მეორე დღესვე, სასწრაფოდ, დავით მახარაძე დაინიშნა მთავარ მწვრთნელად, თანაც მას შემდეგ, რაც წინადღეს მწვრთნელმა “გურიის” მესვეურები საგაზეთო ინტერვიუში ლამის მიწასთან გაასწორა. დავით მახარაძემ დაგვიდასტურა, რომ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. “დიახ, დღეს ვიყავი ლანჩხუთში და გადაწყდა, გუნდს მე გავწვრთნი,” _ გვითხრა მახარაძემ და ამასთან, ჟურნალისტებს “სასწრაფო რეჟიმში” სხვადასხვა გზებით მოგვაწოდეს მისი დანიშვნის ინფორმაცია.
ყოველივეს ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ მოგვიანებით, ოფიციოზი იძულებული გახდა, უკან დაეხია და ეს ამბავი ისე “კატეგორიულად” უარყვეს, თითქოს ჟურნალისტებს მოგვეგონებინოს. მანამდე კი, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, გუბერნატორი ლანჩხუთის გამგებელსა და კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა, რჩებოდა ინტრიგა _ გუბერნატორმა უკან დაიხია თუ თავისი გადაწყვეტილების ერთგული რჩებოდა.
“ჯერ არაფერი არის გადაწყვეტილი. სამწუხაროდ, ჩემთვის ჯერ არავის წარმოუდგენია კლუბის მომავლის რეალური ხედვა. როგორც იცით, ჩემი რეკომენდაცია დავაფიქსირე ლანჩხუთში შეხვედრაზე _ მოვუსმინოთ ყველას და ვისაც უკეთესი ხედვა ექნება, ის შევარჩიოთ. მე არ მიმიცია რეკომენდაცია თემურ ლორიასთვის, უბრალოდ, იმ მიზეზის გამო, რომ მისი ხედვა არ მოგვისმენია. მე ვთქვი, რომ გვყავს ადგილობრივი სპეციალისტი და მოვისმინოთ მისი პროგრამა, თუ როგორ ხედავს კლუბის მომავალს. ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნულია? ვერაფერს გეტყვით, ჩემთვის არავის უთქვამს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემს ფუნქციებში არ შედის მთავარი მწვრთნელის დანიშვნა. მე მხოლოდ რეკომენდაციის გაწევა შემიძლია,” _ ეს კომენტარი გიორგი ჩხაიძემ მას შემდეგ მოგვცა, როცა ორიოდ საათით ადრე მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ “გურიის” წარმომადგენლები, მათ შორის დავით მახარაძეც, რომელმაც გუბერნატორთან შეხვედრა დაგვიდასტურა.
როგორც კულუარებიდან შევიტყვეთ, გიორგი ჩხაიძე ძალიან აღშფოთებულა და ერთგვარად ამის მიზეზიც ჰქონდა _ მისი წინადადება პირწმინდად იქნა უგულებელყოფილი.
ჩვენ ლანჩხუთის გამგებელსაც დავუკავშირდით, რომელმაც მწვრთნელის დანიშვნა ჩვენთან საუბარში კატეგორიულად უარყო. სავარაუდოდ, მან პოზიცია მას შემდეგ შეცვალა, რაც გუბერნატორის აღშფოთება გახმაურდა, ან ისიც არ არის გამორიცხული, რეგიონის პირველკაცმა დაურეკა და პასუხიც მოთხოვა. “საიდან მოიტანეს მწვრთნელის დანიშნვნა? არავინ არ არის დანიშნული! საუბარა სამ კანდიდატურაზე და ჯერ გადაწყვეტილი არაფერია,” _ გვითხრა ზაზა ურუშაძემ, რომელიც, მინიმუმ, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა _ მას იმის უარყოფა მოუხდა, რასაც წინადღეს ყველა ადასტურებდა და რაც თითქმის გამორიცხულია, რომ მასთან შეუთანხმებლად გადაწყდა.
დღეის მდგომარეობით, გუბერნატორი გამგებელს 1:0-ს უგებს, არადა, თითქოს საქმე იქითკენ მიდიოდა, რომ მახარაძის დანიშვნით ანგარიში ურუშაძემ გახსნა, მაგრამ საბოლოოდ ავტოგოლი გამოუვიდა. კულუარებში უკვე იმაზე ალაპარაკდნენ, რომ გამგებელი იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის და რომელიც გუბერნატორად ჩხაიძის დანიშვნის შემდეგ ისედაც არც თუ მყარი იყო. დღეს უკვე აშკარად ჩანს, “გურიას” და ფეხბურთის თემა არ არის კლუბის “ძველი” და “ახალი” გუნდების დაპირისპირება, ეს უკვე ღია ომია გუბერნატორსა და გამგებელს შორის, სადაც ახალდანიშნულ რწმუნებულს წესით, დიდი უპირატესობა აქვს, თუმცა, მთლად უშანსოდ არც გამგებელია, რომელსაც უკვე ღიად უჭერს მხარს მაჟორიტარი, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ “ურუშაძე მისი კადრი არ იყო”!