“ჩვენ არ ვართ უპასუხისმგებლოები, როგორც მეორე მხარე და დაუსაბუთებლად არაფრის მტკიცებას არ ვაპირებთ. მივმართავთ ყველა მედია-საშუალებას, ყველა ტელევიზიას, მოიწვიონ პირდაპირ ეთერში გოდერძი ჯოლოხავა და დაუსვან კითხვები იქ, სადაც არ ეყოლება დამრიგებლები ინაშვილის სახით და ვერც ვერავინ მოახდენს ზეწოლას. პირველ რიგში სასწრაფოდ გასარკვევია რა უნდოდა ჯოლოხავას წულუკიანის კაბინეტში, მერე რატომ გადავიდნენ სამივე კბილაშვილთან და რატომ მოხდა მხოლოდ ამის შემდეგ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. გასარკვევია ვისი მხრიდან და როდის იყო ზეწოლა ჯოლოხავაზე. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მხრიდან მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, მაშინ უნდა დადგინდეს ვინ ახდენდა ამ ზეწოლას. მოძებნეთ ჯოლოხავა და პირდაპირ ეთერში დაუსვით ის კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემითაც საზოგადოება სიმართლეს გაიგებს. სწორედ ეს ინტერვიუ იქნება შუალედური და სიმართლის განმსაზღვრელი”.
ადვოკატის განცხადებით, თუ ჯოლოხავა უარს იტყვის ამ ინტერვიუზე, ეს იქნება არა ყოფილი პატიმრის უარი, არამედ იმ ადამიანებისა, რომლებიც მასზე ახდენენ ზეწოლას.
გოგა ონიანის თქმით, დასადგენია ახდენენ თუ არა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები მოწმეებზე ზეწოლას, სწორედ ამიტომ გამოძიებული უნდა იქნეს სამხედრო ექიმის ლევან სუთიძის საქმე, როცა მან არ მისცა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება და ამის შემდეგ მასზე განხორციელდა ზეწოლა, ასევე გამოძიებული უნდა იქნეს ტაბაღუას საქმეც.
ონიანის განცხადებით, თუ დაიწყება გამოძიება, ის წარადგენს ყველა მტკიცებულებას როგორც საზოგადოების, ასევე შესაბამისი უწყებების წინაშე.
“ყველამ ნახა, რომ სადაც გამოძიების მტკიცებულება იყო სუსტი, არ დაწყებულა გამოძიება, თუ ახლაც იმავეს გაიმეორებენ, ჩვენ ჩვენი ძალებით გავასაჯაროებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მტკიცებულებას, რათა საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები. აი, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ჯოლოხავას პირდაპირ ეთერში მოსვლა და ყველასგან დამოუკიდებლად კითხვებზე პასუხის გაცემა”.
ონიანი აქვე შეეხო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ არ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურაში არც ერთ სერვერი, სადაც ფირები 2 კვირა არ ინახებოდეს და განაცხადა, რომ სუბარი და ყველა ის ადამიანი, რომლებმაც მიიღეს ფაბრიკაციაში მონაწილეობა, აუცილებლად აგებენ პასუხს კანონის წინაშე.