ჩვეულებრივად, ვკრეფთ საშუალო ზომის დაუზიანებელ ფოთლებს, ჯიში სულერთია; ვასუფთავებთ, ვრეცხავთ, ყუნწებს ვაცლით, მდუღარეში გავთუთქავთ და შემდეგ ჩვეულებრივად ვახვევთ მასში სატოლმე ფარშს.
რაც შეეხება ზამთრისთვის ვაზის ფოთლის დაკონსერვების მეთოდით შენახვას, მე რამდენიმე წელია, ვიყენებ და კმაყოფილიც ვარ. სტუდენტობისას საინგილოში, თანაკურსელის ოჯახში, შუა ზამთარში მაგიდაზე ვაზის ფოთოლში შეხვეული ტოლმა მოიტანეს, ძალიან არომატული სურნელით. ოჯახის დიასახლისმა აგვიხსნა, თუ როგორ ინახავენ საზამთროდ მარილწყალში ვაზის ფოთოლს.
რაკი დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით, გურიაში, ნესტიანი ჰავაა, წლების წინ რეცეპტი ცოტათი შევცვალე _ საშუალო სიმლაშის ადუღებული მარილწყალი (6 სუფრის კოვზი მარილი სამ ლიტრ წყალში პლუს 5 ცალი ასპირინის კარგად დაფხვნილი აბი), დავასხათ კილოიან ან ორლიტრიან ქილებში ფენა-ფენად ჩაწყობილ გასუფთავებულ და გარეცხილ ვაზის ფოთოლს. ჩვეულებრივად ჩავაწყოთ ისე, რომ ქილა პირთამდე არ ავავსოთ ფოთლით, შევავსოთ წყლით, დავახუროთ ხუფი და ადუღებიდან სამიოდე წუთის განმავლობაში ჩავუტაროთ სტერილიზაცია, შემდეგ კი მოვხუფოთ. ზამთარში გავხსნით, დავასხამთ ადუღებულ წყალს და ჩვეულებრივად შევახვევთ მასში სატოლმე ფარშს. ძალიან გემრიელ და არომატულ კერძს მიიღებთ.