უკრაინული მედია ავრცელებს დაღუპულთა კადრებს. ფოტომასალაში კარგად ჩანს, რომ გამოყენებულია საბრძოლო ვაზნები და გარდაცვლილთა დიდი ნაწილი სნაიპერების მიერ თავში ნასროლი ტყვიითაა დაღუპული.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ისტორიული სამშობლო უკრაინაა, ამიტომ იქ მიმდინარე მოვლენებზე კომენტარის გაკეთება სწორედ მას ვთხოვეთ.
_ბატონო დავით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უკრაინაში არ დაბადებულხართ, ის თქვენი ისტორიული სამშობლოა. დღეს, უკრაინაში განვითარებული მოვლენები მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით იქ მიმდინარე მოვლენებზე და რას ეტყოდით უკრაინელ ხალხს?
_ ის, რაც ამ დღეებში ხდება უკრაინაში, შემზარავია, რადგან იქ მიმდინარე პროცესებს ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ახლობლებს და ოჯახებს.
მიუხედავად ამისა, ვიტოვებ იმედს, რომ უკრაინის მოსახლეობას _ როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, აღმოაჩნდება საკმარისი სიბრძნე იმისათვის, რომ პრობლემები მოლაპარაკების და არა ძალადობის გზით გადაჭრას და ქვეყანამ არჩევანი გააკეთოს მისი განვითარებისთვის ოპტიმალური გზისაკენ. _ განაცხადა დავით სერგეენკომ “გურია ნიუსთან”
შეგახსენებთ, რომ კიევში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ევრომაიდნიდან დაჭრილები გაჰყავთ. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მომიტინგეების გარდა დაშავებული არიან სამართალდამცველებიც.