“სულ ცოტა ხნის წინ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საგანგებოდ მიმართეს საზოგადოებას და გამოაცხადეს პარტიისა და მისი სტრუქტურებისგან ახალ ეტაპზე გადასვლა. პარტიამ ახალი ძალით დაიწყო მუშაობა, რამდენიმე რეგიონში უკვე ჩაატარა პარტიული კონფერენციები, შეხვდა პარტიის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას შეხვედრებში და თავისი წვლილი შეაქვთ პარტიის განახლებასა და გაძლიერებაში.
ამ ვითარებაში სრულიად მიუღებელია ის, რაც მოხდა გარდაბანში. პარტიის ზოგიერთმა წევრმა, მხარდამჭერმა თუ ნებისმიერმა სხვა პირმა ისარგებლა “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” სახელით და თავისი დესტრუქციული და პროვოკაციული მოქმედებით პარტიის ავტორიტეტსა და ინტერესებს ზიანი მიაყენა. ამ ადამიანების ასეთი მოქმედება ბადებს სერიოზულ ეჭვებს – თუ ისინი არიან პარტიის ნამდვილი გულშემატკივრები, რატომ აძლევენ ოპონენტებს იმის შესაძლებლობას, რომ მათ თავი დაჩაგრულად წარმოაჩინონ.
პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ფიზიკური დაპირისპირება და ანგარიშსწორება კატეგორიულად ეწინააღმდეგება პარტიის გაცხადებულ პოლიტიკას. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. თუ დადგინდა, რომ მომხდარში მონაწილე პირები ნამდვილად პარტია “ქართული ოცნება” – დემოკრატიული საქართველოს“ წევრები არიან, ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის უმკაცრეს რეაგირებას.
შეგახსენებთ, რომ გარდაბანში, “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის დაწყებამდე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” პარტიის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს “ქართული ოცნებიდან” მიგზავნილი 3-4 ნასვამი პირი დაუპირისპირდა. მისივე თქმით, ადგილზე არ იმყოფებოდა პოლიცია და იძულებული გახდა, პოლიციაში თავად მისულიყო ადგილზე სამართალდამცველების მისვლისა და სიტუაციის განმუხტვის მოთხოვნით.
ამასთან, როგორც ნადირაშვილი აცხადებს, ორი, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა, პოლიციამ გაიყვანა დარბაზიდან.