სააკაშვილმა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს მიმართა, რომელიც, მისი თქმით, ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას. პრეზიდენტმა მთავრობას გულისწყრომაზე მაღლა დადგომა და წყენის დავიწყება ურჩია.
“თქვენც ისეთი ქართველები ხართ, როგორც ჩვენ. გამოვთქვამ იმედს, რომ არ თამაშობთ უცხო თამაშს, არამედ თქვენც ისევე გინდათ ქვეყნის გაძლიერება, როგორც მე. ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ არა ძალადობის, შურისძიების და უცხოელ მტერთან შკვრის ტრადიციებით, არამედ ვიამაყოთ იმ მიღწევებით, რაშიც წვლილი მიუძღოდა მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილს .”
სააკაშვილის თქმით, ქუთაისის სასამართლოსთან შეკრებილი პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფი სასამართლოზე ზეწოლას ცდილობს, რათა მიაღწიოს მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის დაპატიმრებას.
“კანონის უზენაესობა ერთ-ერთი მთავარი ცნებაა, რომელსაც ეფუძნება სახელმწიფოებრიობა და ჩემი ფუნქცია არ არის სასამართლოს პრეროგატივაში შეჭრა, თუმცა, ჩვენ ყველამ ვიხილეთ, რომ სასამართლოზე მიმდინარეობს ზეწოლა, ანგაჟირებული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, მიაღწიოს მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას და ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრებას. აქ არ არის საუბარი იმაზე, ვინ რომელ აგარაკზე ცხოვრობდა, ვინ ვის უხდიდა ხელფასს. აქ სამართლდება არა კონკრეტული ქმედებები, არამედ დღეს რეალურად ვასამართლებთ საქართველოს უახლეს ისტორიას, ჩვენ ვასამართლებთ ვარდების რევოლუციის შემდგომ მცდელობას, შეგვექმნა სახელმწიფო იქ, სადაც არავინ მოელოდა ამას ქაოტურ კავკასიაში. ვანო მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი არიან ამ წარმატების მონაწილეები. ჩვენთვის და მთელი რეგიონისთვის ვანოს სახელი ასოცირებულია წესრიგთან და სიმშვიდესთან. ძალიან ბევრი ქვეყნის ლიდერი გვთხოვდა, გადაეღოთ ჩვენგან პოლიციის რეფორმა. ის, რომ ვანოს მის მიერ შექმნილი პოლიცია ხელბორკილით დაატარებს და ნაცვლად ძველი ნანგრევებისა თანამედროვედ მოწყობილ სასამართლოში ხდება ამ პროცესების გამართვა, არ შეიძლება არ იყოს გარკვეული ირონიის გამოხატულება. ასევე, ზურაბ ჭიაბერაშვილი არის სიმბოლო იმისა, რომ ათეულობით წლების მანძილზე გამეფებული კლეპტოკრატიის პირობებში წერტილი დაუსვა ქურდობას და კორუფციას. ზურაბმა შეძლო ჩვენი დასავლური ვექტორის წინ წაწევა.
ჩვენ ვასამართლებთ ჩვენს დემოკრატიულ სისტემას , ჩვენ ვასამართლებთ დასავლურ ორიენტაციას,” _ განაცხადა სააკაშვილმა.