“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტი 92 ხმით 24 -ის წინააღმდეგ დაიძლია, ხოლო “სამოქალაქო კოდექსი” _ 92 ხმით 22-ის წინააღმდეგ. კანონპროექტები თავდაპირველი ვარიანტით მიიღეს და პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინეს.
“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში გასახორციელებელ ცვლილებების თანახმად, თუ სასამართლო სადავო ნორმის მოქმედებას შეაჩერებს, მაშინ მან საქმეზე მსჯელობა 30 დღის ვადაში უნდა დაასრულოს, ხოლო თუ სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება 30 დღის ვადაში ვერ ან არ მიიღო, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილება ძალას მისი მიღებიდან 31-ე დღეს დაკარგავს.
რაც შეეხება ,,სამოქალაქო კოდექსში” შესატან ცვლილებებს, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების სტატუსის ცვლილებას ითვალისწინებს, მისი ამოქმედების შემთხვევაში, სახელმწიფოს მიეცემა საშუალება, სასწავლო დაწესებულებებს მოუხსნას კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და გარდაქმნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რასაც პროფესორები და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც აპროტესტებენ.