ამის გარკვევას IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) შეეცადა. როგორც აღმოჩნდა, “112”-ის 2012 წლის რეალური შემოსავლები გაცილებით მეტია, ვიდრე ცენტრის მიერ გაწეული ხარჯები.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის “112”-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესი, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის 1 იანვრიდან, ყველა მობილური ოპერატორის მომხმარებელი პირი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში 5 ლარზე მეტს ხარჯავს საკუთარი ანგარიშიდან, ყოველთვიურად გადაიხდის 0.2 ლარს, ხოლო იურიდიული პირი _ 0.5 ლარს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ “112”-ის 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, 2012 წლის განმავლობაში მისი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 7 654 906 ლარს, საიდანაც ცენტრის ფუნქციონირებისთვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 3 695 766 ლარი (შრომის ანაზღაურება, არაფინანსური აქტივები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები), ხოლო წლის ბოლოსთვის ცენტრს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან ნაშთის სახით დარჩა 3 959 140 ლარი, რომელიც განთავსებულია სსიპ “112”-ის მიმდინარე საბანკო ანგარიშზე.
როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ირკვევა, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის “112”-ის 2012 წლის რეალური შემოსავლები გაცილებით მეტია, ვიდრე ცენტრის მიერ გაწეული ხარჯები, ხოლო აუთვისებელი თანხა ფულადი სახით ინახება საბანკო ანგარიშზე. როგორც ირკვევა, “112”-ის მიერ არ ხდება თანხების გადარიცხვა არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში და არც სახელმწიფო ბიუჯეტში, თუ არ ჩავთვლით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ მოგების და დღგ-ს გადასახადებს.
“ზემოთ მოყვანილ ანალიზს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ “112”-ის მომსახურებისთვის დადგენილი მოსაკრებლით ხდება გაცილებით დიდი ოდენობის თანხის მობილიზება, ვიდრე ეს ცენტრის ფუნქციონირებისათვისაა საჭირო.” _ ნათქვამია IDFI-ის ანგარიშში.
ცენტრის მიერ აუთვისებელი თანხები განთავსებულია საბანკო ანგარიშზე და შესაბამისად გაურკვეველია მათი მიზნობრიობა. ინსტიტუტი გამოთქვამს სურვილს, რომ “112”-ის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით დღეს არსებული ტარიფი დადგენილი იყოს რეალურ ეკონომიკურ გათვლებზე დაყრდნობით.